ედიშერ თოლორაია – დიდი ხანია განგაშის ზარი ჩამოვკარით, მოსახლეობა შიმშილის პირას არის

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკრიტიკა. აღნიშნულ სხდომაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა, სამეგრელოში თხილის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა.  თოლორაიამ უწყება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის დაგვიანებულ რეაქციისა და ფერმერების დადანაშაულებისთვის გააკრიტიკა.

“უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს რეგიონში. არ ვიცი რა ნახეთ, ერთ ყანაში იყავით, ორ ყანაში თუ მთლიანობაში ნახეთ მონაცემები… მე მაგალითად ჩემ ოჯხახში ვნახე, მეზობლადაც და სხვა სოფლებშიც. ფაქტი სახზეა, თხილის თემა არ არსებობს, საუბარია არა მოსავალზე, არამედ თხილის კულტურის მოსპობაზე. ფაროსანას დაემატა კიდევ სხვა ავადმყოფობა, გადავიდა სიმინდზე. ჩათვალეთ, სიმინდის თემა ნულამდე დავიდა. დიდი ხანია განგაშის ზარი ჩამოვკარით, მოსახლეობა შიმშილის პირას არის”– განაცხადა თოლორაიამ და იქვე დასძინა:

“მე არ წარმოვადგენ მარტო ზუგდიდს, მე ქართველი ვარ. ჩემთვის ბორჯომიც პრობლემაა, სვანეთიც, კახეთიც… არ ვამბობ ნიშნის მოგებით, შურით და ეგოიზმით, მაგრამ, როდესაც კახეთში, პატარა სტიქიაზე განგაში ტყდება და სუბსიდირების გაწევა ხდება ყურძენზე თუ სხვა ხილზე, რატომ არ შეიძლება სამეგრელოსა და გურიაში ზარალის 10% მაინც ავუნაზღაუროთ? თუ კახეთში ყურძენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, სამეგრელოსა და გურიაში თხილი და სიმინდია.

კი ბატონო, ტრენინგ-სემინარები კარგია, მაგრამ ტრენინგი და სემინარი დღეს რავის არ ადგება. 17 სექტემბერს იწყება სკოლა, ზამთარი მოდის, ხალხს არანაირი საშუალება არ აქვს“, – აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას დეპუტატები სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან ისმენენ.

სხვა ახალი ამბები: