ედიშერ თოლორაია კონკურენტის, სანდრა რულოვსის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0

“ქალბატონმა სანდრამ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა კენჭისყრაზე დასთანხმდა”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ედიშერ თოლორაია “ქართული სიტყვისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თოლორაიას განცხადებით სანდრა რულოვსი არჩევნებზე კენჭისყრით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ავანტიურაში ჩაითრია. მისი განმარტებით, სანდრა რულოვსს ამოეფარა “ნაციონალური მოძრაობა”.

“ქალბატონმა სანდრამ, ვგონებ, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა კენჭისყრაზე დასთანხმდა. ახლა მთელი “ნაცმოძრაობა” მას ამოეფარა და ფარად იყენებს! ეს ავანტიურაა, რომელშიც გასაგებია ქალბატონი სანდრა ვინც ჩაითრია და ქვეყანა მისთვის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საძინებელსა თუ სასადილო ოთახში მიცემული პირობის იმედად უნდა იყოს? ან, ეს პირობა რომ დაარღვიოს, მაშინ რას იზამს ქალბატონი სანდრა? რა, იტყვის მიშიკოს შეეშალა ან თვითონ შეცდა როცა დაუჯერა და მაინტერესებს, ვითარების გამოსასწორებლად რა ზომებს გაატარებს? ისე, თვალებში ჩახედვა საკმაოდ ბანალური გახდა. ასე, თვალებში პუტინს მიშამაც ჩახედა და მგონი მაკკეინმაც, მაგრამ მერე რა?!”-ამბობს ზუგდიდის ყოფილი გამგებელი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში.

ედიშერ თოლორაია სანდრა რულოვსზე გავრცელებულ ხმებს, რომ თითქოს იგი ორგანოებით ვაჭრობდა, აცხადებს, რომ ჭორებისა და სისულელეების არ ჯერა.

“ჭორების და სისულელეების არ მჯერა. არამგონია, ჩვენი სამართალდამცავები ისეთი უსუსურები იყვნენ, თუ რამე მაგდაგვარი, ქალბატონი რულოვსი კი არა, ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ არსებობს, ამაზე რეაგირება არ ჰქონდეთ. ამით ვიღაც ხაზს სწორედ სამართალდამცავების უსუსურობას უსვამს ხაზს. დააკვირდით, როცა ამ თემას შემოაგდებენ, მაშინ მოჰყვება ფრაზა, თუ ასეა სად იყვნენ და არიან სამართალდამცავებიო? ეს ირიბად ნასროლ ქვას უფრო ჰგავს”, აცხადებს თოლორაია და იქვე დასძენს, რომ თავად რულოვსის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

“გნებავთ, გაგიკვირდეთ, გნებავთ-არა, მაგრამ ამ ადამიანის მიმართ საკმაოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ნამდვილად ვერ შევპირდები, რომ არჩევნებზე ხმას მივცემ და ვერც იმას დავპირდები, რომ არჩევნებს არ მოვუგებ, მაგრამ ჭორების და სისულელეების მართლა არ მჯერა”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: