ექსკლუზივი: “ქართული ოცნება” სამეგრელოში მალე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

0

პოლიტიკურმა სუბიექტმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო სიებს და მაჟორიტარებს უახლოეს მომავალში დაასახელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-ს სარწმუნო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია. წყაროს ცნობით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამეგრელოს თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში შიდაპარტიულ დონეზე უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ზოგიერთი კანდიდატის გარშემო ისევ მიმდინარეობს გარკვეული სახის მოლაპარაკებები.

smo news-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ზუგდიდში (როგორც ქალაქში ასევე მუნიციპალიტეტში) მიღწეულია შეთანხმება. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად “ქართული ოცნება” ივლისის ბოლოს ოფიციალურად წარადგენს მერაბ ქვარაიას, რომელიც ამჯამად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობს, ხოლო რაიონში კენჭს ზუგდიდის მოქმედი გამგებელი, ედიშერ თოლორაია იყრის.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს. მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებს სავარაუდოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლებათ. “ქართული ოცნება” კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღნიშნულ ოლქში სულ რამდენიმე თვის წინ მოქმედ პარლამენტში არჩეულ, მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატს, სოსო დანელიას წარადგენენ.  ჩხოროწყუ-წალენჯიხასაც მარტვილი-აბაშის მსგავსად სავარაუდოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება. წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს, გოგა გულორდავას წარადგენს. ცნობისათვის, სწორედ ამ ოლქში გოგა გულორდავამდე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსის, ჯუმბერ იზორიას კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ გულორდავას კანდიდატურაზე შეჯერდნენ.

რაც შეეხება ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცალ-ცალკე ეყოლებათ, თუმცა ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს ზუგდიდის სოფლების ნაწილიც აირჩევს, მაგალითად, როგორიცაა სოფლები, ცაცხვი, ცაიში, დიდინეძი, ოქტომბერი, ნარაზენი და ა.შ. “ქართული ოცნება” ხობის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას წარადგენს, რომელიც უკვე შესაძლოა მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრადაც ვიხილოთ.

სენაკის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების კანდიდატად 1940 წელს დაბადებულ დემურ გადელიას განიხილავენ. დემურ გადელია ერთხელ უკვე იყო პარლამენტის წევრი, რომელიც სენაკში “მოქალაქეთა კავშირმა” წარადგინა. დემურ გადელია სწორედ ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის”მეხოტბე პირებს შორისაც ფიგურირებდა. დემურ გადელია, პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, არის სააქციო საოზოგადოება „არქეოპოლისის” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 239862038) სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და მისი ფაქტობრივი მფლობელიცაა. გავრცელებული ინფორმაციით 2013-14 წლის წლებში აღნიშნულმა კომპანიამ 14 ტენდერში გაიმარჯვა და  საერთო ჯამში 12 730 684 ლარი მიიღო. (საინფორმაციო სააგენტო smo news დემურ გადელიასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ამბებს სულ მალე შემოგთავაზებთ)

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” სამეგრელოს რეგიონში დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალს ზუგდიდში აპირებს. ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ პრეზენტაცია თვის ბოლოს, დაახლოებით 23 ივლისისთვის გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: