ექსკლუზივი: რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხიდან ორი ქართველი მამაკაცი გაიტაცეს

0

დღეს, დღის საათებში რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან ორი ქართველი მამაკაცი გაიტაცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-მა სარწმუნო წყაროსგან ექსკლუზიურად შეიტყო. რუსმა ოკუპანტებმა რუხის ციხესთან ახლოს, მდინარე ენგურის სანაპიროდან სოფელ რუხისა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიტაცეს. თვითმხილველთა განცხადებით რუსი ოკუპანტები დაახლოებით ათნი იყვნენ. ისინი კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი და საქართველოს ორი მოქალაქე ძალის გამოყენებით მდინარეში თევზაობისას გაიტაცეს. ოკუპანტებმა გატაცების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია ე.წ საიდუმლო გადასასვლელის საშუალებით დატოვეს და ისევ სოფელ ჭუბურხინჯისკენ აიღეს გეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს გატაცებული ორი ქართველი, რუხის მკვიდრი ფრიდონ ჭითანავა და  ჭუბურხინჯში მცხოვრები ლევან მორგოშია გადაყვანილი ჰყავთ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაში. ჯერჯერობით გატაცებულთა ოჯახებს ოკუპანტებისგან რაიმე სახის შეტყობინება არ მიუღიათ. SMO NEWS-ის ინფორმაციით აღნიშნული გატაცების ფაქტს აფხაზური მხარეც ადასტურებს.

სხვა ახალი ამბები: