ექსკლუზივი: ზუგდიდი ახალი მერისა და საკადრო ცვლილებების მოლოდინში

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი ლაშა გოგია მუშაობას ოფიციალურად 12 ნოემბრიდან შეუდგება. ახლად არჩეული მერი სავარაუდოდ ზუგდიდის გამგეობის უკვე ყოფილ შენობაში დაიდებს ბინას და საკადრო ცვლილებებს განახორციელებს. ლაშა გოგია ოფიციალურ კომენტარებს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ აკეთებს, თუმცა როგორც SMO NEWS-სთვის ხდება ცნობილი გარკვეულ თანამდებობებზე ძველ კადრებს ახალი სახეები ჩაანაცვლებენ.

მაგალითად, როგორც SMO NEWS-ს სანდო წყარომ განუცხადა, მერის მოადგილე გიორგი გულორდავა ისევ მერიაში რჩება და ის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს. ზუგდიდის მერს ისევ ეყოლება მეორე მოადგილეც, რომელიც სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა გახდება.

მერიის ადმინისტრაციაშიც გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, თენგიზ შანავას დაეკისრება, ხოლო მის მოადგილედ მერიის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იდა ქვარაია განიხილება.

ცვლილებები იგეგმება ზუგდიდის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. ზუგდიდის მერიაში პიარ სამსახურის ხელმძღვანელს, მაია ღუბელაძეს გამგეობის ყოფილი პიარ სამსახურის ხელმძღვანელი მაგდალინა თოდუა ჩაანაცვლებს.

საინფორმაციო სააგენტო smo news-სთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ ლაშა გოგიას მხოლოდ ორი დღის განმავლობაში მოუწევს საკრებულოს გარეშე მუშაობა. ახლად არჩეული საკრებულო 14 ნოემბერს, სამშაბათს შეირიბება.

ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია სწორედ ამის შემდეგ წარუდგენს ახალ საკრებულოს იმ თანამდებობის პირთა ვინაობას დასამტკიცებლად, რომლებიც ზუგდიდის მერიაში ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ.

სხვა ახალი ამბები: