ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ხვალ ზუგდიდში გაიმართება

0

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვას. კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, 1 მაისს, ზუგდიდში გაიმართება. კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

კობა გვენეტაძე მათ დეტალურად გააცნობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას. დაინტერესებულ პირებს პრესკონფერენციისათვის თვალყურის დევნება FACEBOOK LIVE-ის მეშვეობით ეროვნული ბანკის FACEBOOK – ის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

„ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ექნებათ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის14 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.25 პროცენტზე დატოვა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო.

შეხვედრები გაიმართა იმერეთში, კახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში.

ხვალ,1 მაისს, 11:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.