Eurasianet: “დაიქირავა და გაწვრთნა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩეჩენი ისლამისტი “ბოევიკები?”

0

lopota_2Eurasianet  გასული წლის აგვისტოს მიწურულს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავს ეხმიანება და სტატიას სათაურით “დაიქირავა და გაწვრთნა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩეჩენი ისლამისტი “ბოევიკები?” აქვეყნებს.

“ერთი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სამხედრო ოპერაცია ქვეყანაში რუსეთის მხრიდან “შეიარაღებული დივერსიის” აღსაკვეთად, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლებამ უწოდა. ეს ოპერაცია განხორციელდა პანკისის ხეობაში, სადაც საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენთა მცირერიცხოვანი თემია დასახლებული. ოპერაციის შედეგად, როგორც იუწყებიან, მოკლული იყო 11 ადამიანი.

იმ დროს ბიძინა ივანიშვილთან გააფთრებულ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სავარაუდო დივერსიას რუსეთის “პროვოკაცია” უწოდა, რომლის მიზანიც არჩევნებზე ზეგავლენა იყო.თუმცა ერთი წლის შემდეგ ამოტივტივდა დასაბუთება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების თავდაპირველ ვერსიას. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები, რომ ეს ოპერაცია რეალურად, იყო სააკაშვილის ხელისუფლების მოუქნელი მცდელობის შედეგი, გაეწვრთნა ჩეჩენი მეამბოხეები რუსეთში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. როგორც ჩანს, ამოსავალი წერტილი ამ საკითხში ამასწინათ გამოცემაში „Open Democracy” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: “არის თუ არა საქართველო ტერორისტული სახელმწიფო?”. კითხვები ოფიციალური ვერსიის გარშემო ამ მოვლენების შემდეგ მალევე გაჩნდა, მაგრამ რეალური კონტრბრალდებები გამოჩნდა საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის აპრილის ანგარიშში, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოიტანა:

“მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისში ჩეჩნების ჩამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მათი წვრთნა იარაღის გამოყენებით რამდენიმე თვე გაგრძელდა, რათა მათ საბოლოოდ გადაეკვეთათ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარი და შეერთებოდნენ ისლამისტ დივერსანტებს. გარდა ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდა ჩეჩენი დევნილებისა, ოპერაციის ორგანიზატორებმა ასევე დაიქირავეს რამდენიმე ქისტი (საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები) ჩეჩნების თემიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობაში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა”.  რადიო “თავისუფალი ევროპა”/რადიო “თავისუფლების”  ამომწურავი რეპორტაჟის თანახმად კი, ამ გეგმის უკან იდგა არა შინაგან საქმეთა, არამედ თავდაცვის სამინისტრო. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გეგმის მიხედვით, ჩეჩნებს უნდა განეხორციელებინათ თავდასხმა თავად ივანიშვილზე, ან ტერორისტული აქტი საქართველოში, რომელიც ისევ ივანიშვილს დაბრალდებოდა. სახალხო დამცველი აღნიშნავს:

“ოფიციალური გამოძიება იმისა, თუ როგორ, რატომ და ვინ დაიქირავა ჩეჩნები, როგორც ჩანს, შეჩერებულია, თუმცა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა აპრილში, რომ გამოძიება “უახლოეს მომავალში დასრულდება”. რომ შევაჯამოთ, არსებობს საფუძვლიანი ბრალდებები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიქირავა და გაწვრთნა ჩეჩნები დივერსიულ ისლამისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად. ცხადია, ამ ბრალდებებში პოლიტიკური ელემენტებიც შეიძლება, იყოს. მე ვკითხე ქართველებს ამის შესახებ, მაგრამ არც ერთმა არ მიპასუხა, რომ ბრალდებები აბსურდულია. ისინი, როგორც წესი, მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ: “ვინ იცის?”. ნეტა, რატომ არ მოჰყვა ამ ამბავს უფრო დიდი გამოხმაურება?”, – ნათქვამია ჯოშუა კუცერას სტატიაში.

სხვა ახალი ამბები: