“ევროპულმა საქართველომ” თვითმმართველობის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გამართა

0

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მათ მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, თვითმმართველობის მოსალოდნელი რეფორმა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკმაოდ წონადი არგუმენტები მოიყვანეს იმის სასარგებლოდ, რომ ზუგდიდს დარჩეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. თვითმმართველობა ნიშნავს, რომ მმართველობა უნდა იყოს ხალხთან ახლოს. ახალი შესაძლო კანონპროექტის მიხედვით კი ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.

„არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიური განხილვების ფონზე შეგვიძლია შევაჯეროთ საერთო პოზიცია,თუ რა იქნება უკეთესო ჩვენი ქალქისთვის და ქვეყნისთვის. შემდეგ კი ეს პოზიცია გახმოვანდება პარლამენტში“, – უთხრა ჟურნალისტებს ღურწკაიამ.

„საუნჯე“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ 7 თვითმმართელ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი არ გააუქმონ. მისი წარმომადგენლის ეგნატე შამუგიას თქმით, მოსალოდნელ რეფორმაზე მათ საკუთარი ზოგადი ხედვა კონცეფციის დონეზე წარმოადგინეს, რადგან სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი.

„ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმას ზუგდიდელი საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოყვება, რადგან ზუგდიდელებს სურთ, რომ ზუგდიდი იყოს თვითმმართველი ქალაქი, ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარი არჩევითი თვითმმართველობის ორგანოები, რათა ისინი უფრო ეფექტურად ჩერთონ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში“, – თქვა შამუგიამ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ,,ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება”.

სხვა ახალი ამბები: