Exclusive:- დათა ახალაიასთან დაახლოებული პირის ექსკლუზიური ინტერვიუ

0

axalaia dataსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა იმის შესახებ, რომ მალე საქართველოში მართლაც აპირებენ დაბრუნებას თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია და საქართველოს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა. ამის შესახებ ინფორმაციას როლანდ ახალაიას წინასაარჩევნო შტაბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ახალაიების ოჯახთან დაახლოებული პირი და ამავე დროს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ადასტურებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აღნიშნული პიროვნება ექსკლუზიურ ინტერვიუზეც დათანხმდა, თუმცა მან საამისოდ კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.

-თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ დათა ახალაია და მეგის ქარდავა მალე საქართველოში დაბრუნდებიან?

-დათა ახალაიამ და მეგის ქარდავამ როგორც კი დატოვეს საქართველო ისინი პირდაპირ პოლონეთისკენ დაიძრნენ. პოლონეთში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი თურქეთში გადავიდნენ. მე ორივეს შევხვდი ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი შეხვედრა მქონდა თურქეთშიც. ჩვენ გვქონდა გარკვეული საუბრები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის ყველაზე მძაფრად ვისაუბრეთ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. დათას აზრი ასეთი იყო, რომ ვანო იბრძვის პირველობისთვის და ყველა ის დანაშაული, რომელიც მის მიერ იყო ინსცენირებული გადააბრალა ახალაიებს.

-როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მერაბიშვილსა და ახალაიებს 1 ოქტომბრამდე?

-პირველ ოქტომბრამდე დაახლოებით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჰქონდათ ძალიან დაძაბული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ციხის კადრები გავრცელდა. დათა თვლიდა ყოვეთვის, რომ ციხის კადრების მთავარი რეჟისორი და მფარველი ამ კადრების საზღვარგარეთ გადატანისა იყო სწორედ მერაბიშვილი. მას მოყვებოდა ბოკერიაც და უგულავაც. მათ შორის დაძაბული ურთიერთობები ძალიან ხშირად ხელის მოქნევითაც მთავრდებოდა. ბაჩოსგან განსხვავებით დათას ცოტაზე მეტი ფიცხი ხასიათი აქვს და ამიტომაც თავის გაღიზიანებას ვერ ფარავდა. ამ გაღიზიანების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ბოლო დრომდე სააკაშვილის გუნდის ყველაზე ერთგულებად სწორედ ახალაიები დარჩნენ, მერაბიშვილმა ბოკერიამ და უგულავამ კი საკუთარი თავები გადაირჩინეს.

-რას ნიშნავს გადაირჩინეს? რას გულისხმობთ გადარჩენაში?

-ის რომ მერაბიშვილმა, ბოკერიამ და უგულავამ გმირებად წარმოსახეს საკუთარი თავი, ხოლო მსხვერპლად ახალაიები შესწირეს. ის რაც მერაბიშვილმა დაგეგმა ბოლოს ყველაფერი მაინც ახალაიებს დაბრალდა. ვანო მერაბიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ებრძოდა ახალაიებს. სასტიკად არ უნდოდა, რომ ზუგდიდში მაჟორიტარი როლანდ ახალაია ყოფილიყო და თავისი ბინძური მეთოდებით აქაც იბრძოდა თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან ყველაფერს ჩვენი ბიჭები აკონტროლებდნენ. მერაბიშვილმა პარტიზანული დაჯგუფების ოთხ წევრს როლანდ ახალაიას მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება დაავალა. ამის მიხედვით უნდა მოეხდინათ როლანდ ახალაიას ლიკვიდაცია. ამ ინფორმაციამ დროულად გაჟონა. ოთხი წევრიდან ერთ-ერთმა მეგის ქარდავასთან გათქვა ის, რაც ჰქონდა მათ შემკვეთს დაგეგმილი. თავისთავად ეს ოპერაციაც ჩაიშალა.

-თუ ასეთი სიტუაციები იქმნებოდა, რატომ არ გამოააშკარავდა ეს ფაქტი დროულად?

-ამის გაჟღერება იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარხვა, რაც ახალაიებმა არ გააკეთეს ისევ და ისევ მათ მიერ გამოჩენილი ერთგულების გამო. ეს იყო ერთ-ერთი და წმინდა წყლის კრიმინალი მოფიქრებული და დაგეგმილი მერაბიშვილის კაბინეტში ახალაიების წინააღმდეგ და როგორც გითხარით კონკრეტულად როლანდ ახალაიას წინააღმდეგ.

-პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას დანიშნვა შსს მინისტრად იყო ვანო მერაბიშვილის დაჟინებული მოთხოვნა ანუ მერაბიშვილის კადრი იყო ბაჩო ახალაია.

-არანაირად, ახალაია იყო პრეზიდენტის კადრი, თუმცა მერაბიშვილმა ახალაიას დანიშნვამდე შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე შენთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო და ჩვენს შორის გაუგებრობები დამთავრდეს და სწორედ ჩემი მოთხოვნაა შენ დაინიშნო შსს-ს მინისტრადო“

-თუკი გაუგებრობა და უთანხმოება იყო მათ შორის, რატომ აირჩია მერაბიშვილმა ისევ და ისევ ბაჩო ახალაია შსს მინისტრად?

-ეს ყველაფერი მან გააკეთა იმისთვის, რომ ბაჩო შსს მინისტრობით გაენადგურებინა. სწორედ მან მოაწყო ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომელიც შემდგომ ისევ ბაჩოს მიაკერეს. ფაქტიურად ის აკეთებდა მონახაზებს და ის ლობირებდა ისევ შსს-ს. ფაქტიურად მერაბიშვილმა გადაუმტერა ერთმანეთს ახალაიები და ჩეჩნები.  ამ ჩეჩნებს კი მერაბიშვილი იყენებდა შავი საქმეების განსახორციელებლად, რათქმაუნდა აფინანსებდა კიდევაც. ესენი იყვნენ ფარული სპეცდანიშნულების რაზმელები, რომელიც მერაბიშვილს ჰყავდა თავის განკარგულებაში. ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშნვა სწორედ ამ სპეცოპერაციის განსახორციელებლად იყო გათვლილი. მერაბიშვილს კი აწყობდა ამ ხალხის განადგურება, იმდენი შავი საქმეები ჰქონდათ მათ შესრულებული სწორედ მერაბიშვილის დავალებით. მერაბიშვილს ჰქონდა სერიოზული შიში იმისა, რომ ჩეჩნები უკან მოუბრუნდებოდნენ და ეს ყველაფერი ქვეყანას მოედებოდა. ბაჩოს ხელით კი მათ გაანადგურებდა. ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და დათა ახალაიას იბარებს მერაბიშვილი თავის კაბინეტში და ეუბნება, რომ მათ უნდა გაანადგურონ  რუსეთიდან შემოსული ბანდფორმირებები, რომელიც ქვეყანაში ამბოხების მოწყობასა და პრეზიდენტის ლიკვიდაციაზე ფიქრობს. მანამდე კი მერაბიშვილს ნათქვამი ჰქონდა ჩეჩნების რაზმისთვის, რომ რუსეთიდან იყვნენ გადმოსული ბანდფორმირებები, რომელიც მათ უნდა გაენადგურებინათ. საბოლოო ჯამში მერაბიშვილმა ერთმანეთს შეაჯახა ჩეჩნები და შსს-ს სპეცრაზმი,რომელსაც სინამდვილეში მერაბიშვილის სპეცდანიშნულების ხალხი ახორციელებდა. ამას მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ფაქტიურად თავისივე კაბინეტიდან. აღსანიშნავია ის, რომ ბაჩო ახალაია სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდნენ ლაფანყურში. აქიდან შეიძლება შემდეგი დასკვნის გაკეთება, რომ ბაჩო ახალაია ბოლომდე არ წამოეგო მერაბიშვილის მიერ დაგებულ მახეში. მერაბიშვილი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ იბარებს ბაჩო ახალაიას კაბინეტში და საყვედურობს:-რატომ არ მონაწილეობდი სპეცოპერაციაშიო. ამ დროს მერაბიშვილის კაბინეტში ხმაურით შევარდა დათა ახალაია, რომელიც უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მერაბიშვილს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

-რაღაც დაუჯერებელ ისტორიას გავს  ანუ რას ვგულისხმობ, მაინცდამაინც იმ დროს რატომ აღმოჩნდა ბაჩო ახალაიას ძმა მერაბიშვილის კაბინეტში, როცა ის იყო დაბარებული?

-ლაფანყურის ოპერაციის „შეტენვა“ მერაბიშვილმა ბაჩო ახალაიას მოუნდომა. ეს დროულად გაიგო დათა ახალაიამ და სწორედ ამასთან დაკავშირებით მიადგა ის მერაბიშვილს. მერე რაც მოხდა მერაბიშვილის კაბინეტში ეს უკვე მოგიყევით. ამის შემდეგ ბაჩო ახალაია პირადად მივიდა პრეზიდენტთან და ყველაფერი მოუყვა თუ რა გეგმა ჰქონდა მერაბიშვილს ჩადებული ლაფანყურის ოპერაციაში.  ბაჩო ახალაიას უნდოდა ამის საჯაროდ გახმაურებაც, მაგრამ პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით მან ეს ისტორია საიდუმლოდ შეინახა. აქედან გამომდინარე ბაჩოს ძალიან ბევრი კომპრომატი გააჩნდა და გააჩნია ვანო მერაბიშვილის დასაკავებლად. ეს ყველაფერი თავად პრეზიდენტმაც იცოდა, ანუ იცოდა ის რომ ბაჩოს ჰქონდა ვიდეო, აუდიო და დოკუმენტალური მასალები მერაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან სთხოვა ეს არჩევნებამდე არ გამოეყენებინა. არჩევნების შემდეგ კი თავად პრეზიდენტმაც დართო ნება, რომ მერაბიშვილი თავად ბაჩოს დაეჭირა, რადგანაც ის იყო შსს მინისტრი.

-და ბოლოს მინდა გკითხოთ, რეალურია თუ არა ის განცხადება, რომელიც დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა?

-რათქმაუნდა და ეს ზღვაში წვეთია. დათა ახალაია სულ მალე ჩამოვა საქართველოში და უფრო მეტს მოუყვება საზოგადოებას, ვიდრე ელიან. ნათელი მოეფინება მერაბიშვილისა და მისი დამქაშების კრიმინალურ საქმიანობას. დათა ახალაია და მეგის ქარდავა სრულიად საქართველოს უხდიან ბოდიშს, რომ ყოველივე ეს თავის დროზე არ გამოააშკარავეს, თუმცა არასდროს არის გვიან.

-დაახლოებით როდის შეიძლება ველოდოთ დათა ახალაიას და მეგის ქარდავას?

-ძალიან მალე, იმაზე ადრე, ვიდრე ფიქრობენ.  მალე ყველაფერს ფარდა აეხდება.

სხვა ახალი ამბები: