Exclusive: ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბს წალენჯიხის ოფისიდან აძევებენ

4

DSC01520წალენჯიხაში ახალი სკანდალი ღვივდება. საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბს საოფისე ფართის პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში შტაბმა ბინა დაიდო გამსახურდიას ხუთ ნომერში, ფართის მეპატრონემ შტაბის ხელმძღვანელს ნონა კვარაცხელიას იმავე დღეს მტკიცე უარი განუცხადა გაქირავებაზე. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით ფართის მეპატრონეზე ზეწოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ მოახდინა.

”შტაბის ხელმძრვანელ ნონა კვარაცხელიასა და ფართის მეპატრონე შოთა ლუკავას შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომ წალენჯიხის ცენტრში მდებარე საოფისე ფართს მოგვაქირავებდნენ. ფასიც გავარკვიეთ, თვეში 350 ლარი. რადგანაც შაბათ-კვირა დაემთხვა, საბუთები ორშაბათს უნდა გაგვეფორმებინა. მეპატრონემ მოგვცა ოთახის გასაღები, ჩვენ ჩვეულებრივად დღეს შევედით და მივალაგეთ იქაურობა და ფართის გარეთა ფასადზე აბრაც დავკიდეთ. ამ მომენტში მოვიდა შოთა ლუკავა და გამოგვიცხადა, რომ ფართს ვერ მოგვაქირავებდა, რადგანაც მისი შვილი წალენჯიხის გამგებლის მოადგილეა. გასაღები არ გამოურთმევია, მაგრამ უარზე იყო”-აცხადებს smo.ge-ს წყარო ბურჯანაძის წალენჯიხის შტაბიდან.

ინფორმაციის გადასამოწმებლად smo.ge საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წალენჯიხის შტაბის ხელმძღვანელს ნონა კვარაცხელიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურა.

”ჩვენ ფაქტიურად ვიქირავეთ შოთა ლუკავასგან ეს ფართი 350 ლარად და ამაზე შევთანხმდით სიტყვიერად. მერე კი ამაზე ისევ უარი გვითხრა თავად ლუკავამ. გვითხრა, რომ ფართის გაქირავება გადაიფიქრა. მან აღნიშნა მართლაც, რომ მისი შვილი გამგებლის მოადგილეა და ეს გარკვეულ უხერხულობებს შექმნიდა. რა უხერხულობაზეა საუბარი ნამდვილად არ აუხსნია და ვერ გეტყვით”-აცხადებს ნონა კვარაცხელია.

smo.ge  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიორგი ლუკავას მამას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საოფისე ფართს არ აქირავებს და მას მხოლოდ ჰყიდის. შოთა ლუკავამ განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის შტაბის წევრები ცუდად მოიქცნენ და მის კუთვნილ საოფისე ფართში შეიჭრნენ.

”ძალიან ცუდად მოიქცნენ ისინი. მე არ გამიქირავებია ფართი და ამის დამამტკიცებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. ისინი ფაქტიურად შეიჭრნენ ჩემს ოთახებში და აბრაც თვითნებურად ჩამოჰკიდეს. არ მინდა ამაზე საუბარი საერთოდ. არ ვაქირავებ მე ფართს! მე ფართს ვყიდი!”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში გამგებლის მოადგილის მამა.

ნონა კვარაცხელიამ შოთა ლუკავას ხმაურიან განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისინი საოფისე ფართში თვითნებურად შეიჭრნენ გადამეტებული და ტყუილი უწოდა.

”ჩვენ არსად არ შევჭრილვართ. ეს უკვე დიდი სისულელეა. თუ არ აწყობთ ის რომ ჩვენ იქ ვიყოთ, მაშინ აბრას ჩამოვხსნით და სადმე სხვაგან ვიშოვით საოფისე ფართს”-განაცხადა ნონა კვარაცხელიამ.

ცნობისათვის, შოთა ლუკავას კუთვნილი საოფისე ფართი, რომელიც წალენჯიხის ცენტრში, გამსახურდიას ხუთ ნომერში მდებარეობს, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ”ნაციონალურ მოძრაობას” დროებით სარგებლობაში ჰქონდა. როგორც smo.ge-მ გაარკვია, ”ნაციონალებიც” იმდენივეს უხდიდნენ ლუკავას, რამდენიც ბურჯანაძის შტაბმა შესთავაზა, თუმცა ამჟამად მეზობლობამ გაჭრა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლუკავას ფართის გაქირავებაზე უარიც ათქმევინა. შოთა ლუკავა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას მეზობელია. მისი შვილი, გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა კი დავით ბელქანიას ერთ-ერთი ”განხორციელებული პროექტია”.

 

სხვა ახალი ამბები: