გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში

0

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეტები დაიტბორა.
ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიფუში კი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი.

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა.

სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.

პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.

სტიქიის კერებში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია.

სხვა ახალი ამბები: