გამგებლის ინფორმაციით ზუგდიდში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

0

აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის წარმომადგენლებს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიაწოდა. ჯგუფებს, რომლებიც შეწამვლით სამუშაოებს განახორციელებენ, სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა გადაეცემათ და შესაბამისი ინსტრუქტაჟიც ჩაუტარდებათ.

აზიური ფრთოსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში აქტიურად მიმდინარეობს. თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები).

სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

სხვა ახალი ამბები: