გიგი უგულავა – ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა

0

პოლიტიკურ დევნილთან პოლემიკასა და ჭიდაობაში არ შევალ, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავამ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაფუჭებული მანქანის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ როცა ავტომანქანა დაძველდება, ჯართში უნდა მოისროლო.

”ჩვენ, პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას და ის მაინც გიყვარს, შეიძლება დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები გაასეირნებენ შაბათ-კვირას, მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად არ იქცა და ისევ გაწუხებს, მაშინ შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ამ არჩევანის წინაშე ვართ. ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხის იმ სიკეთეზე, რაც შეიძლება ხალხს მოუტანო და იმ არასწორ ქმედებებზე, რომელიც ჩვენს მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას შეიძლება მოვუტანოთ. დიახ, მეგობრებო, 2012 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება. ამ დებატებში მე არ შევალ, ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი და ჩვენ ის უნდა მივიღოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, ცარიელ სკამზე პოტინი გაუგებარია და თუ პარტია შიგნით ვერ ჩაატარებს რეფორმას, მაშინ საზოგადოება არ მიიღებს გულწრფელად იმას, რომ ”შენ შეგიძლია პარტია კრიზისიდან გამოიყვანო”.

”ეს არის 2-ჯერ ორი ოთხი. მივმართავ ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და წევრებს, ყველა იმ ადამიანს, არ ვთვლი, რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაცა 0, ვინც ასე აყენებს საკითხს, მე მათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები. რადგან ასე საკუთარი თავი დაიმცირო, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ჩვენ ვქმნით და ვიყავით თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რა თქმა უნდა, როცა საჭირო იყო შეიძლებოდა ვინმეს ეყვირა კიდეც ერთმანეთისთვის, რადგან პოლიტიკა არ არის დავარცხნილი საუბარი, პოლიტიკა არის მუდმივი ჭიდილი, მაგრამ ისმის კითხვა, როცა შენ საკუთარ შექმნილ პარტიას თავადვე დაანგრევ, ისმის კითხვა, გაქვს შენ ამის უფლება? დიახ, გაქვს, მე მასთან დღეს პოლემიკაში და ჭიდაობაში არ შევალ, ის არის პოლიტიკური დევნილი და ის პოლიტიკურ დევნილად დარჩება ვიდრე ეს უაზრო საქმეები იქნება აღძრული მასზე და იმ თანამებრძოლებზე, რომლებიც ციხეში სხედან, მაგრამ ამ მარაზმში ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

სხვა ახალი ამბები: