გიორგი მღებრიშვილი – პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება

0

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, დაკავებულია 40 პირი.

“წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად, მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. დაკავებული გვყავს ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას. მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მღებრიშვილის თქმით, სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს.

„მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება, პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტებს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, ყველა კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

“დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება. რამდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ მუშაობას.  ​წუხანდელ აქციაში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული. გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობის საკითხს, რომლის გათავისუფლებასაც აქციაზე ითხოვდნენ, ამ დროისთვის, მისი გადაყენების საკითხი არ დგას.

„რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება, დეტალურად შევისწავლით პრეტენზიებს. არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ დროისთვის, არა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ჩანაწერი, როგორ დაიწყო არეულობა ბათუმში. ხოლო, რაც შეეხება საკითხს, როგორ მოიქცევა შსს აქციის განმეორების შემთხვევაში, მინისტრი აქციის გამართვის მსურველებს რჩევას აძლევს.

„მე პირობას ვდებ, რომ თუკი ვინმეს თავში იხარშება მსგავსი, რომ აპირებს კიდევ გამოსვლას, ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში მონაწილეობა არ მიიღოს, თორემ კიდევ გამოიყენებს პოლიცია პროპორციულ ძალას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამ დროისთვის, ბათუმში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქისთვის მიყენებულ ზარალს ეტაპობრივად დაითვლიან.

სხვა ახალი ამბები: