გიორგი სიგუა – გართობის ნაცვლად იმაზე მიწევს საუბარი, რომ არც ნარკობარონი ვარ და არც არავისთან შეკრული

0

“იმის ნაცვლად, რომ მე გართობაზე გესაუბროთ, იმის თქმა მიწევს, რომ არც ნარკობარონი ვარ და არც არავისთან შეკრული. ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს და ვინც ამ ნარკოტიკებს იღებს”,-აცხადებს ჟურნალ “გზა”-სთან მიცემულ ინტერვიუში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამფუძნებელი გიორგი სიგუა.

სიგუას განცხადებით, შეუძლებელია გააკონტროლო, ამდენ ვიზიტორში ვის რა აქვს ჩაყლაპული და რა აქვს ჯიბეში.

“ჩვენ ვლაპარაკობთ ერთთვიან კურორტზე, რომელსაც 32 დღის განმავლობაში 10 000 ადამიანი სტუმრობს და ამდენ ადამიანში ვიღაცას ნარკოტიკი ექნება ჯიბეში, ვიღაც შებოლილი თევზით მოვა, ვიღაც გადაყლაპული შემოვა და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ამხელა ღონისძიებაა, შეუძლებელია გააკონტროლო, ვის რა აქვს ჩაყლაპული და რა აქვს ჯიბეში. არც ნარკორეალიზატორები და არც ნარკომომხმარებლები არ მითანხმებენ, საიდან შემოდის ნარკოტიკები”,-აღნიშნავს Gem fest-ის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა.

ანაკლიაში ელექტრონული მუ­სიკის ფესტივალის გახსნიდან დღემდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ათეულობით ახალგაზრდა მოხვდა. 14 მათგანი ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული.
22 წლის გოგონას დაღუპვის შემდეგ სამართალდამცავები გააქტიურდნენ და ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით არაერთი ადამიანი დააკავეს. ძალოვანებმა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტ ბაქარ კორშიას ბრალი წაუყენეს და სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.მოგვიანებით პოლიციამ სოფელ განმუხურში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი აიყვანა. ამასთან, შსს-მ გამოძიება დაიწყო ფესტივალის ტერიტორიაზე მოწამლული მოქალაქეების საქმეზე.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდის” შემცველი 6 ფირფიტა, “მეტადონი”, “მდმა”-ს შემცველი პრეპარატი და დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად თავად ბრალდებულს მარიხუანის, “მდმა”-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით, იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

წყარო: ჟურნალი “გზა”

სხვა ახალი ამბები: