გლეხური მეურნეობისგან შექმნილი კოოპერატივები – პრემიერი სოფელ დარჩელში იმყოფებოდა

0

150 მეწარმე დღეს კოოპერატივ „დარჩელში“ შეიკრიბა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე მოდელს წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი საწარმოების შექმნა არის მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ქვეყნის განვითარებისთვის და მადლობა გადაუხადა მეწარმეებს, რომელთა ბიზნესინიციატივის გარეშე, მთავრობის ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანდა.

“დღეს აქ წარმოდგენილი არიან დიდი და შედარებით მცირე საწარმოები. დიდი საწარმოების შემთხვევაში გვქონდა სპეციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მორგებული იყო უფრო დიდ ინიციატივებზე. მცირე საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი წახალისდნენ. დღეს, საწარმოს სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რამხელა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თვითონ გახდეს ბიზნესის მფლობელი, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება, არ ეძებოს სამუშაო ადგილი სხვაგან, არ მიადგეს დასაქმების სათხოვნელად მთავრობას, არამედ თვითონ იფიქროს იმაზე, რომ სხვები დაასაქმოს. ეს არის ის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რევოლუცია, რომელიც მთელი ჩვენი ერის აზროვნებაშია მოსახდენი და ეს არის ყველაზე სასიხარულო”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომელსაც მთავრობა მრავალი სახელმწიფო პროგრამის წამოწყებისას ისახავდა.

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მხარდაჭერის პროგრამებს აუცილებლად განაგრძობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შექმნილი კომპანიებისთვის ხელისუფლების თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს, შემუშავდეს საინტერესო ინსტრუმენტები რათა, მათ მუშაობა და პროდუქციის რეალიზაცია გაუმარტივდეთ, მიიღონ მეტი შემოსავალი, განახორციელონ ექსპორტი და აითვისონ ახალი ბაზრები.

“მთავარი მიზანი იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს გაძლიერებას სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით ვხედავთ”, – განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: