გოდერძი ბუკიამ ხობის ახალ მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ბერაიას გამარჯვება მიულოცა

0

ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი გოდერძი ბუკია ირაკლი (დაჩი) ბერაიას საპარლამენტო მანდატის მოპოვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ხობს მისი სახით ღირსეული, პრინციპული და პატრიოტი დეპუტატი ჰყავს.

ამის შესახებ ბუკიას მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული:

“ჩემო ერთგულო და მადლიერო ხობელებო! ჩემო საზრიანო მეგობრებო, ზუგდიდელებო! თითოეულმა თქვენგანმა სათანადოდ გაითავისა დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი მუხტი და სწორი არჩევანი გააკეთა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გყავთ ღირსეული, პრინციპული და საქმის მკეთებელი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაიას სახით.

ჩემო კოლეგავ ,(მე ასე ვუწოდებ დღესაც ჩემს თავს), გილოცავ ამ გამარჯვებას. გისურვებ, იყო საზოგადოებისთვის მუდამ სასურველი, დაუღალავი, ბევრი სასიკეთო საქმის ინიციატორი და ერთგული გარემოცვით განებივრებული. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ვიყავი და ვარ შენს გვერდით ჩემი რეგიონისა და ქვეყნის სწრაფი განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის საქმეში. ხობელებთან თანამშრომლობაში ჩემთვის ტერმინი – ყოფილი დეპუტატი არ არსებობს, ეს იგივეა მიწოდონ ყოფილი ხობელი. მე ვარ საქართველოს და მით უფრო სამეგრელოს შვილი, ხობი და ხობელები ჩემთვის უმთავრესია.

მრავალწლიანი სითბო და სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან. წლები ვიყავი თქვენი რჩეული, რაც დღესაც საკუთარ თავთან გარკვეულ ვალდებულებას მაკისრებს და ამიტომაც, საჭიროდ ვთვლი მოგაწოდოთ „მრავალწლიანი სადეპუტატო საქმიანობის შტრიხები“, რომელსაც თითოეული თქვენგანი შეძლებს გაეცნოს.

საკანონმდებლო ორგანოდან ჩემი წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტის ვალდებულებას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში ჩემი ინიციატივით დაწყებულა. მე ვრჩები თქვენთვის საიმედო რიგით ხობელად, მეგობრად და ერთგულ თანამემამულედ. მუდამ თქვენს გვერდში მდგომი გოდერძი ბუკია”-ნათქვამია გოდერძი ბუკიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.

სხვა ახალი ამბები: