გუბერნატორი ტურიზმის და დასუფთავების თემაზე რეგიონის გამგებლებს და მერებს შეხვდა

0

„სამეგრელო-ზემო სვანეთი ყველაზე სუფთა რეგიონადაა აღიარებული და ამ სტატუსს წელსაც შევინარჩუნებთ. ტურისტული სეზონი მოდის და თქვენი მუშაობა უნდა გაათმაგდეს, რათა ტურისტებს შევხვდეთ უფრო სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში“ – ეს განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ თათბირზე გააკეთა, სადაც ის რეგიონის გამგებლებს და მერებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე მყარი ნარჩენების კუთხით არსებულ ვითარებაზე და საჭიროებებზე ინფორმაცია მერებისგან და გამგებლებისგან მოისმინა.

მუნიციპალიტეტების ნაგავმზიდები უკვე მიიღო, ნაგავშემკრებ კონტეინერებს კი უახლოეს პერიოდში მიიღებენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ტექნიკა საქართველოს 66 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადაეცემა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ევროა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტურისტული სეზონისთვის მზადებას, მუნიციპალიტეტების მიერ ტურისტული ლიტერატურის და რუქების შექმნას.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მონაწილეობას მიიღებს გაზაფხულზე გერმანიაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში.

„ჩვენი რეგიონი უნდა იყოს განსაკუთრებულად კარგად წარმოცენილი, ამისთვის ბევრი სამუშაოა. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და მოგვიწევს ერთად მუშაობა, რომ საერთაშორისო გამოფენაზე მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენი რეგიონით“ – განაცხადა გუბერნატორმა.

სხვა ახალი ამბები: