ირაკლი ჩიქოვანი: “საარჩევნო კომისიების წევრთა ვინაობა შეთანხმებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან”

0

“თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება საოლქო-საარჩევნო კომისიებში, „პროფესიული წევრების“ კვოტით „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირების დანიშვნას აპირებს. ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ის სია გაასაჯაროვა, რომელშიც რეკომენდატორებად მითითებულები არიან გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიაში „პროფესიული წევრების“ დანიშვნაში მონაწილეობას სუს-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი გოგი ნაჭყებიაც იღებს.

„მე ხელთ მაქვს ის სია, რომელიც ხვალ საარჩევნო კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს. რეკომენდატორების ველში მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და გრიხა მიქავა, რომელიც ახლა მერაბ ქვარაიას შტაბის უფროსია, მანამდე კი როლანდ ახალაიას შტაბში მუშაობდა. კომისიების წევრთა ვინაობა შეთანხმებულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გოგი ნაჭყებიასთან. ეს არის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წარმარტებით იყენებდა ნაციონალური მოძრაობა და რომელსაც აგრძელებს ქართული ოცნება. ხელისუფლებას სურს, რომ არჩევანი მოპაროს ზუგდიდელებს”,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს არასამთავრბო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

სხვა ახალი ამბები: