ირაკლი ჩიქოვანი – მე შემიძლია ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო ძვრების განხორციელება

0

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. დეპუტატობის კანდიდატი დღეს ლომთათიძის, ჩიქობავას, მახარაძის, თათარიშვილის, სიჭინავას და ჩიქოვანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა შეკრებილებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები და ზუგდიდის განვითარების მისეული ხედვა გააცნო. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, არ შეიძლება ზუგდიდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ბოლოში იყოს.  მისი თქმით, ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს განვითარების ტემპის ლიდერი და ამისთვის მას ძლიერი წარმომადგენელი სჭირდება.

„ჩვენს ქალაქს განვითარება სჭირდება და ამისთვის აუცილებელია უკეთესი, გამოცდილი და ძლიერი მაჟორიტარი ჰყავდეს წარმომადგენლად საკანონმდებლო ორგანოში. მე შემიძლია ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო ძვრების განხორციელება. მე მქონდა საშუალება ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გამეცნო ზუგდიდის საზოგადოებისთვის. ეს არის, როგორც ტურიზმის, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარება და ახალბედა მეწარმეებისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის დაარსება. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რომელთაგან პირველი ქალაქ ზუგდიდის მეტ პოპულარიაზაციას, ხოლო მეორე ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებას და მეტ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

საბედნიეროდ, ზუგდიდს ამის პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს. ეს არის თითოეულ თქვენთაგანზე მორგებული პროგრამა, რომლითაც პენსია უნდა იყოს 300 ლარი, საარსებო მინიმუმი 250 ლარი და მინიმალური ხელფასი 500 ლარი. ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვახორციელებთ, ეს არის ის, რომ არ დაიბეგრება ბანკის პროცენტი და თქვენ ამით დაზოგავთ 1200 ლარს. ეს „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი დაპირებაა მოსახლეობის მიმართ“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეკრებილების განცხადებით, ისინი მხარს ირაკლი ჩიქოვანს დაუჭერენ, რადგან ფიქრობენ, რომ სწორედ მას შეუძლია ღირსეულად წარმოადგინოს ზუგდიდი საკანონმდებლო ორგანოში.

სხვა ახალი ამბები: