ირაკლი ხახუბია – მეორე ტური არჩევანია ნათელსა და ბნელს შორის

0

“ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საკუთარ ამომრჩეველს მადლობას უხდის ნდობისთვის. ხახუბია სტატუსს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მოგესლმებით ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა 8 ოქტომბერს და ხმა მისცა თავისუფლებას, უკეთეს მომავალს, ადამიანურ ღირსებას და წინსვლას. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და ყველაფერი გააკეთა, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. მადლობა ფოთელებს! მადლობა გურულებს, იმ საღი აზრისთვის და არჩევანისთვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენი გზის სისწორეში. ჩვენ გავიმარჯვეთ! ერთობამ პირველი შედეგი მოიტანა და კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს მომდევნო ტურში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარდება.

მეორე ტური არჩევანია ნათელსა და ბნელს შორის. ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის, სახელმწიფოებრიობასა და ერთპიროვნულ მმართველობას შორის. 4 წლის შემდეგ ისევ გვიპირისპირდება ძალა, რომლის მმართველობის შედეგი კარგად ახსოვთ ფოთშიც, გურიაშიც და მთელს საქართველოშიც. ძალა, რომელიც ცდილობს, საზოგადოება დააბრუნოს წარსულში. ძალა, რომელიც წლების მანძილზე ნერგავდა შიშს, ტერორს, უსამართლობას, სიღარიბეს და ადამიანების შეურაცხყოფას, კლავდა ბიზნესს, კლავდა განათლებას და კლავდა იმედს. მაგრამ ეს ძალა ცდება, როცა ვერ აფასებს საზოგადოებას სათანადოდ. ძალას, რომელმაც პოლიტიკაც და სახელმწიფო მმართველობაც აქცია ძალადობად 4 წლის წინ მთელმა საქართველომ უთხრა უარი. ამ ძალას საზოგადოებამ უარი უთხრა 8 ოქტომბერსაც და ეტყვის მომავალშიც იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ადამიანები კეთილი ნებით სიკეთის საკეთებლად ერთიანდებიან.

ადამიანები საკუთარი შვილების მომავლის საშენებლად ერთიანდებიან. თავისი კუთხის, თავისი ქალაქის სწრაფად განვითარებისთვის ერთიანდებიან. ჩვენ გვინდა ცხოვრება სივრცეში, სადაც ყველა თანაბარია უფლებებით, სადაც კანონი უზენაესია, სადაც არ არსებობს „ჩვენი დრო“ და „თქვენი დრო“. ახლა ერთობის დროა. ერთობის ძალა სხვა ძალაა. სულ მალე კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და გავიმარჯვებთ შენებისთვის, განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის”,-ნათქვამია ირაკლი ხახუბიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ბექა ბასილაიას დიდი უპირატესობით მოუგო. ირაკლი ხახუბიას ამომრჩეველთა ხმების 48,45 % ერგო, ხოლო ბექა ბასილაიას 27,12 %.

სხვა ახალი ამბები: