ირაკლი ხახუბია – მთავარია, გვქონდეს განსხვავების დანახვის უნარი კარგსა და ცუდს შორის

0

ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მე ფოთელი ირაკლი ხახუბია ვარ. ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, ამ ქალაქში ვცხოვრობ, ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, აქ მყავს საუკეთესო მეგობრები, აქ მაქვს საყვარელი საქმე. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით მომენიჭა დიდი პასუხისმგებლობა – ვიყო ჩემი მშობლიური ქალაქის, ასევე ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტში. ფოთსა და გურიას მეზობლობა გვაკავშირებს.

ფოთი ყოველთვის იყო საზღვარი გურიასა და სამეგრელოს შორის. ფოთში ყოველთვის იყრიდა თავს გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების სჯეროდა და ახლაც სჯერა. დღეს ფოთი ორი კუთხის გაერთიანების წერტილია. გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ იქნება გარანტორი იმისა რომ ფოთელების, ლანჩხუთელებისა და ოზურგეთელების ოჯახებში თანაბრად შევა ის სიკეთე, რომელსაც ერთად შევქმნით. ამიტომ, ჩვენი ახალი ერთობა უმნიშვნელოვანესია. დღეს მე თქვენი მაჟორიტარი კანდიდატი ვარ, წარდგენილი სახელისუფლებო გუნდის მიერ.

იმ გუნდის მიერ, რომელმაც 4 წლის წინ შეძლო მთავარი – სახელმწიფოს მომავალი გადასცა ხალხს და ყველა მოქალაქეს დაუბრუნა უპირველესი უფლება- თავისუფლება! ბედნიერი ვარ იმით, რომ ყოველ შეხვედრაზე ფოთშიც, ლანჩხუთშიც და ოზურგეთშიც, ვგრძნობდი თქვენგან მთავარს – გულშემატკივრობას საკუთარი ქალაქის, სოფლის, მიწის, კუთხის, ზოგადად ქვეყნის და მისი მომავლის მიმართ. ნებისმიერ ასაკში დასმულ კითხვაზე – რა გინდა? მარტივი პასუხი გვაქვს დიდი შინაარსით – ყველას გვინდა ერთი – ბედნიერება! ბავშვობის ასაკიდან გამოსულები ვხვდებით, რომ ოქროს თევზები, ნატვრისთვალი და ჯადოსნური ჯოხი ზღაპრებში დარჩა და ის ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდით ჩვენი გასაკეთებელია.

ცხოვრება გრძელდება სტატუსის მიუხედავად. პასუხისმგებლობა კი ნამდვილად იზრდება, რადგან უფრო მეტ ადამიანს აქვს შენი იმედი. მთავარია, ყოველთვის გახსოვდეს, ვისი დამსახურებაა ეს გამარჯვება. მთავარია, გვქონდეს განსხვავების დანახვის უნარი კარგსა და ცუდს შორის. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი შეგრძნება, რომ ეს განსხვავება შენი ხმაა. ხმა, რომელსაც აქვს დიდი ძალა. დამეთანხმებით, საკუთარი თავის რწმენა ბევრს ნიშნავს, იყო მართალი საკუთარ თავთან – კიდევ უფრო მეტს! გპირდებით რომ, ყოველთვის ვიქნები გულწრფელი .

ყოველთვის მოგისმენთ და გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი და თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში. 8 ოქტომბერი იქნება მორიგი პასუხი კითხვაზე – გვინდა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრება?! ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ სწორი არჩევანი! პასუხი წინასწარ ცნობილია, რადგან დღეს ჩვენ მომავლისთვის ვშრომობთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ. არჩევანის, მოქმედების, აზრის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი ერთობლივი ოთხწლიანი მონაპოვარია. ჩემთვის გურული კრიმანჭული დემოკრატიის მინიმოდელია. კრიმანჭულში, ხომ ყველა ხმა თავის სათქმელს ბოლომდე და განსხვავებულად ამბობს და დგება საოცარი შედეგი. კრიმანჭულს დიდი ნიჭი და შრომა უნდა. გურული მრავალხმიანობა 8 ოქტომბერს თავის სიტყვას იტყვის.

ფოთი იგრძნობს გურიის სიკეთეს და გურია – ფოთისას. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის გაძლიერებას. 8 ოქტომბერს ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ სიყვარულით, ცოდნით და ღირსებით. როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, – თუ გვექნება „ ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა“, გვექნება თავისუფლებაც, სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც! მშვიდობას და არჩევანის გამარჯვებას გისურვებთ მეგობრებო!

სხვა ახალი ამბები: