“ჯანსაღი ცხოვრების წესი სოფლიდან იწყება”- ცაიშში სპორტულ ღონისძიებას ქალები გამართავენ

0

შაბათს, 12 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში-ცაცხვი კიდევ ერთ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს.ამჯერად ცაცხვის უბნის სტადიონს ამავე სოფლის სუსტი სქესის წარმომადგენლები დაიკავებენ.

“ჯანსაღი ცხოვრების წესი სოფლიდან იწყება”-ასე ქვია პროექტს, რომლის ავტორიც წარმოშობითცაიშელი, დედაქალაქში მოღვაწე ქალბატონი, ხათუნა წიწავაა.

ხათუნა წიწავამ საკუთარი ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა. სოციალურ ქსელში დაგეგმილი სპორტული ღონისძიება, 12 მაისს საღამო საათებში განხორციელდება.SMO NEWS ხათუნა წიწავას დაუკავშირდა და დაანონსებულ ღონისძიებაზე კომენტარი სთხოვა.

“სოციალურ ქსელში დავგეგმეთ აქცია, რომელსაც შაბათს, 12 მაისს განვახორციელებთ მხოლოდ ქალები. მამაკაცები ამ შემთხვევაში მაყურებლის როლში იქნებიან.

ჩემი მშობლიური სოფლის სტადიონზე შევიკრიბებით ქალები და ვითამაშებთ ქალთა ხელბურთს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მაგალითიც იქნება და თან ცოტათი სახალისოც. მე შაბათს უკვე ცაიშში ვიქნები, სადაც ყველა ძალიან მომენატრა. მსგავსად ყველა ქალი ადგილზე იქნება. ასე რომ საქმე გაკეთდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხომ სწორედ სოფლიდან იწყება და ჩვენი სლოგანიც ეს იქნება. ყველა ცაიშელს და ცაცხველს მივმართავ და ყველას ვთხოვ შემოუერთდეს ამ მეტად სასიკეთო აქციას შაბათს”- აღნიშნა ხათუნა წიწავამ.