კახა კალაძე – გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

0

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას მალე დატოვებს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული პრემიერ-მინისტრია”, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და მართლა დატოვებენ თუ არა პოსტს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრები, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

“კატეგორიულად უარვყოფ, არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუ გიორგი კვირიკაშვილს რამე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ, შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ და გაგცემთ პასუხს. სამთავრობო ცვლილებების განხილვა გუნდში არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ, ასევე, ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის თაობაზე “ქართულ ოცნებაში” ჯერ არ უმსჯელიათ.

კითხვაზე, არის თუ არა გუნდში გადაწყვეტილი, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ის დასახელდება, კალაძემ უპასუხა, რომ “როდესაც მერობის კანდიდატზე “ქართულ ოცნება” გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას პირველად თავად იტყვის”.

სხვა ახალი ამბები: