ხმაური “ნაციონალების” ზუგდიდის ოფისში. ვინ იქნება შემდეგი?

0

დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო ვნებათაღელვა არ წყდება „ნაციონალური მოძრაობის“  ზუგდიდის ოფისში. წასული მაჟორიტარი და პროპორციული სიით წარდგენილი კანდიდატების შესახებ კომენტარს პრესასთან მთელი დღის განმავლობაში არ აკეთებდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე.

წითლიძე პრესის წარმომადგენლებთან კანდიდატების მიერ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე ინფორმაციასაც არ ფლობდა, სანამ თავად არ ნახა იმავე მედიიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული განცხადებების შესახებ, რომ ეს რეალური იყო და არა მხოლოდ „მონაჭორი“. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერის ნაცვლად მის პირად ნომერზე, ამავე ორგანიზაციის პრეს სამსახური წარმომადგენელი იძლეოდა მოკლე განმარტებებს.

იმის შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში დარწმუნდნენ, რომ რეალურ ფაქტთან ჰქონდათ საქმე და არა მხოლოდ „მონაჭორთან“, სიტუაცია დაიძაბა. ადგილობრივმა ორგანიზაციამ დარჩენილი წევრები შემოიკრიბა და მომხდარზე ბჭობა დაიწყო. მთავარ მიმართულებებს ისევ ანა წითლიძე იძლეოდა.

პარტიის ოფისში გარჩევებს ხმაურიც მოჰყვა. როგორც SMO NEWS-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, ხმაური ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზარდა. ერთმანეთს მალხაზ ციკუტანია და მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან კონჯარია დაუპირისპირდნენ. ამ ჩხუბსა და დავიდარაბაში კი პარტიის უკვე ყოფილი წევრები აღარავის ახსოვდა, რადგან მათი უპირველესი საზრუნავი უკვე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის შენარჩუნება გახდა.

SMO NEWS-ის წყაროს ცნობით, არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციას კიდევ ათი წევრი აპირებს. ამის მიზეზად შიდა არეულობა სახელდება.

„უკვე ყელში ამოუვიდა ყველას ის რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. წითლიძემ დაამთავრა ზუგდიდში საბოლოოდ პარტია. ჩათვალეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში უკვე აღარ არსებობს. წავიდა ოთხი ერთად, თან როგორი ხალხი. მარტო გელა თოლორაია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჯისცემა ზუგდიდში. ამას მალე მიყვება ათი კაცი, რომლებიც უკვა დაუფარავად აცხადებენ, რომ აღარ დარჩებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში სამუდამოდ ჩაესვენა“-აცხადებს SMO NEWS-თან „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი წევრი, რომელიც პარტიის დატოვებას სხვებთან ერთად ამ დღეებში გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: