ხობში საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის 5 წლის იუბილე აღინიშნება

0

დღეს ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის 5 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩამოვიდა დელეგაცია, რომელმაც ჩამოაბრძანა 5 წმინდა ნაწილი, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსში ასევე დავანებულია 2013 წელს ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი. კომპლექსს ქტიტორმა, გოდერძი ბუკიამ და მისმა მეგობრებმა საჩუქრად შესწირეს კიევ-პეჩორის ღირს მამათა ერთიანი ხატი, რომელიც ცნობილმა ხატმწერმა, შოთა ცინცაძემ დაწერა.

გარდა ამისა, დღეს ჩამობრძანდა პატრიარქის საჩუქარი -ღვთისმშობლის ხატი- რომლის ავტორიც რევაზ კოშკაძეა. პატრიარქის ეს საჩუქარი კომპლექსისთვის რიგით მეორეა. პირველი საჩუქარი- ღვთისმშობლის ტკბილი ამბორი- რომელიც პატრიარქის ესკიზითვე შესრულდა, კომპლექსს საჩუქრად ერთი წლის იუბილეზე გადაეცა.
სხვადასხვა მართლმადიდებელი ქვეყნიდან ჩამოსულმა დელეგაციამ წუხელ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩაატარეს, დღეს კი ღვთისმშობლისადმი სამადლობელ წირვას აღავლენენ. წირვას, ეპარქიის მამებთან, წმინდა სინოდის წევრებთან და სტუმრებთან ერთად, მეუფე გრიგოლი ჩაატარებს.

“დღევანდელი ზეიმი კომპლექსისათვის ძალიან მნიშვნელივანია, რადგან ასე ახლად აშენებულ კომპლექსს მსგავსი სიწმინდე და მადლმოსილება იშვიათად გააჩნია. შესაბამისად, სასულიერო სამყაროს წარმომადგენლები სრული მზაობით უერთდებიან ამ ღირსშესანიშნავ პროცესს” – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ღონისძიებას ესწებიან მინისტრები, სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ა.შ.