კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარიმართა (ვიდეო)

0

ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო  პროექტის განხილვა დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატები, საჯარო მოხელეები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე კითხვები გამომსვლელებმა დასვეს, მათ შორის იყო რამდენიმე საჯარო მოხელე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა მერი შენგელაიამ პრეზიდენტს მიმართა.

“ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში რაც არ უნდა ჩაწეროს, თქვენ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი არეულობის შემოტანას ეცდებით… რატომ არ ეთანხემით კონსტიტუციაში ჩაიწეროს ნატო და ევროკავშირი? ეს ყველაფერი რომ არ ჩაწერილიყო, თქვენ დღეს უარეს დღეში იქნებოდით”,  – თქვა შენგელაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის სოსო ლაგვილავას თქმით, საჯარო განხილვაზე მადლიერი ხალხი მივიდა, თუმცა ისინი პრეზიდენტის გამოსვლით გაკვირვებულები დარჩნენ.

„ხარვეზების აღმოფხვრა დღევანდელ ხელისუფლებას ერგო წილად. მავნე ხაფანგები, რომელიც წინა კონსიტიტუციაშია, აუცილებლად შესაცვლელია“, – აღნიშნა ლაგვილავამ.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას არ დაეთანხმა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეთქმულება უწოდა მაია კალანდიამ.

„ეს არის შეთქმულება ქართული სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინაააღმდეგ, მე ვაპროტესტებ ე.წ ევროპული საქართველოს მონაწილეობას ამ პროცესში. თქვენ ხმები ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მოგცათ იმ ადამიანის გამო, ვისი სურათიც დაგქონდათ მთელი არჩევნების პერიოდში“, – თქვა კალანდიამ.

დარბაზში ხმაური თენგიზ ჯგუშიას მიერ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. ის დაინტერესდა, რატომ გახდა მიუღებელი პრეზიდენტი მარგველაშვილი სწორედ იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც ის აირჩია.

„ბიძინა ივანიშვილი გვეუბნებოდა მთელ საქართველოს, რომ მარგველაშვილი იქნებოდა საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი და კონსტიტუცია არ უნდა დაქვემდებარებოდა ჭრა-კერვას. მაგრამ, როდესაც მარგველაშვილს აღმოაჩნდა შინაგანი პოლიტიკური ღირსება და არ გახდა ერთი კაცის პრეზიდენტი. ამ ყველაფრის შემდეგ ამბობთ, რომ პრეზიდენტის არჩევითობის წესი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ჯგუშიამ.

ქვეყნის პირველი პირის გიორგი მარგველაშვილის თქით, მისთვის ყველა კითხვა რომელიც დარბაზში დაისვა, ლეგიტიმური იყო, მიუხედავად იმისა, ის სხვის მიერ იყო დაწერილი, თუ არა.

კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდში, დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა.

სხვა ახალი ამბები: