ლაშა გოგია: “ედიშერ თოლორაია კვლავინდებურად გააგრძელებს ზრუნვას ზუგდიდზე”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ ედიშერ თოლორაიას განცხადებას ცნობად მიიღებს და ის თანამდებობიდან ოფიციალურად გადამდგარად ჩაითვლება. ედიშერ თოლორაიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. საინფორმაციო სააგენტო smo news გთავაზობთ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას უცვლელად.

“უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ამავე მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

ედიშერ თოლორაიას საქმიანობის მთავარ ამოცანას მუდმივად წარმოადგენდა მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტის დანერგვა მუნიციპალიტეტში, რაზედაც მას მიენიჭა ჯილდო ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისათვის.

აღსანიშნავია, რომ ედიშერ თოლორაიას გამგებლობის პერიოდს უკავშირდება ისეთი ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორებიცაა: ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა; ონარიის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია; დარჩელი-ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში – ავტომაგისტრალზე ანაკლიამდე გარე განათების მოწყობა; ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა; ტყაიის, ურთის, გრიგოლიშის, რიყის, ოირემეს, ბაშის, შამგონის, დარჩელის (ტელმანის), კოკი-ორსნტიის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ასევე მისი უშუალო ჩართულობითა და დიდი შრომის შედეგად ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში საფუძველი ჩაეყარა 10 კმ გზის მშენებლობას.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ბატონი ედიშერის გამგებლობის პერიოდში იქნა განხორციელებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის მერე არცერთ ადდგილობრივ ხელისუფლებას არ განუხორციელებია ერთად აღებული ამდენი პროექტი, რაც ოთხი წლის განმავლობაში შესრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ედიშერ თოლორაიას მოღვაწეობის პერიოდში.

2014 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო წარმოადგენდა ერთ მთლიან ღერძს და ეს უთიერთდამოკიდებულება გვაძლევდა საშუალებას ობიექტურად და ხარისხიანად გვეკეთებინა საქმე. ვიტოვებ იმედს, რომ გამგეობისა და საკრებულოს ურთიერთობა კვლავაც მეგობრულად გაგრძელდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საწუხილოა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ეყოლება თავკაცი მისი სახით. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით ედიშერ თოლორაია კვლავინდებურად გააგრძელებს ზრუნვას ზუგდიდზე და ღირსეულად დაიცავს ზუგდიდელების ხმას საქართველოს პარლამენტში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ედიშერ თოლორაიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობისათვის და ვუსურვო წარმატეტბები საქართველოს პარლამენტში”-წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: