ლაშა გოგია – ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა

0

2008 წლის რუსეთ-საქართვველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძისა და დათო ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ომში გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას სახელობის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდნენ.

,,10 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, ომიდან რომელსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულ გმირებს შორის 3 ზუგდიდელი იყო ბადრი ბერანძე, სერგეი გოროზია და დავით ჯიქია, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს დაცვას შესწირეს. მუნიციპალიტეტის მერია დაღუპული სამხედროების ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს, ეს ის მცირედია, რომლითაც ჩვენს თანადგომას გამოვხატავთ ამ ოჯახების მიმართ. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა, სწორედ, სამშობლოსთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ავაშენოთ ძლიერი, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი შვილები ღირსეულ და გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ!“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად აღვლენილ წირვასაც დაესწრნენ. წირვის შემდგომ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.