ლევან დავითაშვილი – აზიური ფაროსანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა

0

საქართველოს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2017 გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულია და დამტკიცებულია „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
პროგრამის მიზანია მავნებლის პოპულაციის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. პროგრამის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა.

„აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაფიქსირებ, რომ აზიური ფაროსანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანებშიც ეს მავნებელი არსებობს. ვფიქრობ, სპეკულაცია იმაზე, ეს რა ტიპის მწერია, თუ რა ტიპის გამოწვევაა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამ ტრიბუნიდან, ამ კომიტეტშიც და ნებისმიერ სხვა ფორმატშიც, ჩემს მიერ პირადად არაერთხელ იყო დაფიქსირებული, რა ტიპის გამოწვევა გვაქვს ჩვენ აზიური ფაროსანას სახით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2017 წელს ჩატარებული საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა ამ პრობლემის შესახებ და შეძლო, მოსახლეობას გაეთავისებინა და აქტუალურობა დაეფიქსირებინა. როდესაც ვთქვი, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზირებული-განვმარტავ, რა ვიგულისხმე; ხშირ შემთხვევაში კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. ეს თემა არ უნდა იყოს პოპულიზმის საგანი.

ჩვენ პოპულიზმით ვნერგავთ უიმედობას მოსახლეობაში. ვერავინ დამაჯერებს, რომ მმართველ გუნდზე მეტად გული შესტკივა რომელიმე პარლამენტარს თუ აქტივისტს ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის გაიზარდა სამინისტროს დაფინანსება, რათა ფიტოსანიტარიული სამსახურის შესაძლებლობები გაზრდილიყო, უკეთესი კომუნიკაცია მოვახდინოთ მოსახლეობასთან; სწორედ ამისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია.

მოსახლეობას, აბსოლუტურად ტექნიკურ საკითხში პოლიტიკოსების ინტენსიურ ჩართულობაზე უფრო მეტად აინტერესებს კომპეტენტური პასუხები მიიღოს სპეციალისტებისგან. აქ იყო განცხადებები, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სიტუაციების შტაბი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა შესაძლოა თავისი მოქმედებით ვერ მოერიოს ფაროსანას. საჭიროა პასუხისმგებლები ვიყოთ ჩვენს განცხადებებზე; ზედმეტი პოლიტიზება თემას ავნებს.

ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ თემის ასეთი ტიპის კომუნიკაციით ვნერგავთ მოსახლეობაში უიმედობას, რომ აზიური ფაროსანას არ ეშველება და ვერავინ მოერევა. პირიქით, ჩვენი კომუნიკაცია არის იმისკენ მიმართული, რომ მოსახლეობას გავუჩინოთ იმედი”,-განაცხადა მინისტრმა.