ლევან კონჯარიას რეზოლუცია გამგებლის გადადგომაზე და ყოფილი გამგებლის რევანში 4 წლის შემდეგ

0

“ნაციონალური მოძრაობიდან” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია სახელდება. smo news-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით კონჯარიას უკვე დაურეკეს სათაო ოფისიდან და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ამცნეს.  “ნაციონალების” ის ფრთა, რომელსაც კონჯარია არაფრად უღირს და კიდევ მეტი, მიუღებლადაც მიაჩნია მისი კანდიდატურის წარდგენა, ვერ ან არ იჯერებს “მითს” საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.

კონჯარიას კანდიდატურის წარდგენის წინააღმდეგ ისევ ზუგდიდის გამგებელი, ალექსანდრე ქობალია გამოდის, რომელმაც თავის დროზე გადადგომის შესახებ დაწერილ განცხადებაზე რეზოლუციის დადება დღემდე ვერ აპატია. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ლევან კონჯარიას კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძეც, რომელიც ალექსანდრე ქობალიას დამოუკიდებელ ტელეკომპანია “ოდიშში” სარედაქციო პოლიტიკას განაგებს. სწორედ საკრებულოს წევრი, ანა წითლიძე წყვეტს ალექსანდრე ქობალიასთან ერთად თუ ვის გააშუქებენ ეთერში და ვის არა… არსებობენ ტელეკომპანია “ოდიშისთვის” (წითლიძე-ქობალიას ტანდემისთვის) მიუღებელი პერსონები როგორც ხელისუფლებიდან, ასევე “ნაციონალური მოძრაობიდან”. ტელეკომპანია “ოდიშის” ოფიციალური და არაოფიციალური მმართველები მათ მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ პირებს ტელეეკრანებს არც აკარებენ. უფრო მეტიც, ჟურნალისტები გაფრთხილებულნი არიან, რომ მათ მიერ დასახელებული პერსონები არც ჩაწერონ. საკრებულოს წევრი ანა წითლიძე წყვეტს დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში  ჟურნალისტების მიღება-არმიღების საკითხსაც. ამის არაერთი მაგალითიც არსებობს.

ალექსანდრე ქობალიას, როგორც ყოფილ გამგებელს, დღემდე ჰყავს ზუგდიდის გამგეობაში ის დასაყრდენი ძალა, რომელთა უშუალო დახმარებითაც მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიები დღემდე იგებენ გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებს.

ცნობისათვის, ალექსანდრე ქობალიას დაპირისპირება ლევან კონჯარიასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა ზუგდიდის გამგებლის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. განცხადება ქობალიამ რამდენიმე წუთში გამგეობის თანამშრომლის, თენგიზ შანავას ხელით საკრებულოში თავმჯდომარეს, ლევან კონჯარიას გაუგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ მიღებულ განცხადებას რეზოლუცია რამდენიმე წუთში დაადო და პრესამ ინფორმაციაც ავტომატურად აიტაცა. ამის შემდეგ ზუგდიდის უკვე ყოფილი გამგებელი მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში დაიბარა და მწარედ “გატისკა”, თუმცა საქმე მორჩენილი იყო.

ზუგდიდში დაბრუნებული ქობალია გამგებლის მოადგილისა და კიდევ რამდენიმე თანამშრომლის დახმარებით კვირაზე მეტ ხანს ცდილობდა ისევ ძველ თანამდებობას დაბრუნებოდა, თუმცა ამაოდ. მიზანმა შედეგს ვერ მიღწია.

რატომ დაწერა ალექსანდრე ქობალიამ განცხადება გადადგომის შესახებ?

smo news-მა გაარკვია, რომ 1 ოქტომბრის აღცევნების შემდეგ, როცა უკვე შეიცვალა მთავრობა, ზუგდიდის გამგებელს შიშმა სძლია. მას მოუვიდა სიგნალი საოლქო პროკურატურიდან იმ დოკუმენტებზე, რომელსაც როლანდ ახალაია წლების განმავლობაში ინახავდა საკუთარ თაროზე. კონფედენციალური წყაროს ცნობით, ახალაიას მიერ შენახული კომპრომატები ახალმა პროკუროპრმაც სათავისოდ გამოიყენა და ქობალიას თითიც დაუქნია.

ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა მიუხედავად დიდი შიშისა “ნაციონალური მოძრაობის” დირექტივები გაითვალისწინა და პრესისთვის განცხადება გააკეთა, რომ მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას ქონდა ადგილი. განცხადებაც სწორედ ზეწოლის შედეგად დაწერა.

“დიდხანს ცდილობდა ალექსანდრე ქობალია დაბრუნებოდა ძველ პოზიციებს, რადგანაც მას მთავარი ზეწოლა მიხეილ სააკაშვილისგან ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია არ ცვლიდა საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა მას ეს შეეძლო გაეკეთებინა თავისუფლად. უმრავლესობაც საკრებულოში სწორედ ნაციონალებს ჰყავდათ მაშინ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  კონჯარიამ ალექსანდრე ქობალიას მიერ გამოგზავნილ განცხადებას დიდი სიხარულით მოაწერა ხელი. მან ფაქტიურად მოიშორა მისთვის არასასურველი ფიგურა ქობალიას სახით და ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან”-აცხადებს smo news-ის წყარო.

ცნობისათვის, ზუგდიდის ყოფილ გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ბოლო დრომდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც მათთან დაახლოებული პირებისგან ვიგებთ, ლევან კონჯარია და ალექსანდრე ქობალია ერთმანეთს ფაქტიურად არც ელაპარაკებოდნენ. ამის მიზეზი ლევან კონჯარიას  საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას გუნდთან ალიანსი სახელდებოდა. როლანდ ახალაიას კი გრიგოლ ქობალია მისი ოჯახით თვალში არ მოსდიოდა. თავისთავად ახალაიას სამიზნეც სწორედ ზუგდიდის ყოფილი გამგებელი იყო.

სხვა ახალი ამბები: