ლევან შონია – ანაკლიის პორტი იყო თაობების ოცნება, ეს ოცნება დღეს რეალობაა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია ჟურნალ “ანაკლიისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს. შონიას განცხადებით, ანაკლისს პორტის მშენებლობა საუკუნის პროექტია, სადაც ადგლობრივებთან ერთად სხვა ადამიანებიც დასაქმდებიან.

“-ეს საუკუნის პროექტია! პროექტი, რომელიც ახალი შესაძლებლობაა, არამარტო ჩვენი რეგიონისთვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. ანაკლიის პორტი იყო თაობების ოცნება, ეს ოცნება დღეს რეალობაა.

ანაკლიის პორტი ნიშნავს მეტი ინვესტიციების შემოსვლას ჩვენს რეგიონში, ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დროს ათასობით ჩვენი რეგიონის მცხოვრები დასაქმდება. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ინვესტორთან შეთანხმება დადებულია, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა 90 პროცენტი ადგილობრივი იქნება, მოხდება კადრების გადამზადება.

ანაკლიის პორტი მოიტანს დამატებით ინვესტიციებს, განვითარდება ბიზნესი და ირიბად ეს ნიშნავს დამატებით ათასობით დასაქმებულ ადამიანს.

ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ,  ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება.

ანაკლიის პორტის მშენებლობის და ტერმინალის მართვის სფეროში ჩაერთვნენ ისეთი ცნობილი, უმსხვილესი ამერიკული კომპანიები როგორიცაა კონტი ჯგუფი და SSA Marine. ეს ნიშნავს დიდ ინტერესს ჩვენი ახალი პორტის მიმართ”,-აღნიშნავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და იქვე დასძენს, რომ:

“უმთავრესი სარგებელი რასაც ჩვენ თავიდანვე ვნახავთ ეს დასაქმებული ადამიანები იქნებიან. ჩვენი რეგიონისთვის უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა, თუმცა, ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების და შემდგომ მისი ოპერირების პერიოდში ამ პრობლემას მნიშვნელოვანწილად მოვაგვარებთ. პორტის მშენებლობის პროცესში და ასევე ოპერირების დროს დასაქმდება ძალიან ბევრი ადამიანი.

ანაკლიის პორტი ქონება ახალი შესაძლებლობა თითოეული ოჯახისთვის, ბიზნესებისთვის. სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მხოლოდ მომსახურეობის სფეროში ჩართული ბიზნესები და ადამიანები მიიღებენ უზარმაზარ სარგებელს. ეს არის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ამდიდრებს ეკონომიკას და სარგებელი მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მთავრობამ ანაკლიელებს, ვისი კერძო საკუთრებაც ხვდებოდა პორტის ტერიტორიაზე, უკვე გადასცა კომპენსაცია და ანაკლიაში გვყავს ოფიციალური მილიონერები. თუ წინათ ანაკლიაში ადამიანებს მიწებს ართმევდა ხელისუფლება, ჩვენს დროს ეს ასე არ ხდება, ჩვენ მათ იმ მიწების საფასურიც გადავუხადეთ რაც თავის დროზე წაართვეს. ჩვენი მიდგომა ასეთია, ანაკლიის პორტი არის საერთო სიხარული ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ხალხისთვის და მისით ყველა ბედნიერი უნდა იყოს”- აცხადებს ლევან შონია ჟურნალ “ანაკლიისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.