მამუკა წოწერია -“ყველასგან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას, რაც ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მამუკა წოწერიას უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. წოწერიამ საკრებულოს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ასევე ღია და საქმიანი იქნება. ის საკრებულოში სოფელ ოქტომბერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან”.

“ყველასგან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და კეთილგანწყობას, რაც უფრო მავალდებულებს და ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას”, – აღნიშნა წოწერიამ.

საკრებულოს აპარატის უფროსის ნატალია პაპასკირის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სოფლებში – დავითიანი და ოქტომბერი – საჭირო იქნება შუალედური არჩევნების ჩატარება,  რომლის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს.

ცნობისთვის, მამუკა წოწერია ზუგდიდის გამგებლის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. 8 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე წოწერიას გამგებლის ფუნქციების შესრულებაც მოუწევს.

ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა 9 აგვისტოს დატოვა. იგი მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. გამგებლის მოადგილე გიზო სართანია კი თამამდებობას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ის მმართველი პარტიიდან “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა და გამგებლობისთვის სწორედ ამ პარტიის სახელით იბრძოლებს.

სხვა ახალი ამბები: