მამუკა წოწერია – “შევეცდები ახალი სუნთქვა შემოვიტანო სამუშაო პროცესში”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ დღეს, გამგებლის წარმომადგენლებს გამგებლის ახალი მოადგილე მამუკა წოწერია წარუდგინა და გააცნო.

“მე მინდა მეტი განვითარება და ჩემი მოქალაქეების კეთილდღეობა. ამისთის უწყვეტ სამუშაო რეჟიმში ვმუშაობდი. მოგიწოდებთ იყოთ უფრო მეტად ახლოს ხალხთან. ნებისმიერი თქვენი მოქალაქის გულის სატკივარი უნდა იცოდეთ და უმოკლეს ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილებები. მე წარმოგიდგენთ კვალიფიციურ პიროვნებას, რომელიც ჩემი შესვენების პერიოდში გაუძღვება წამოწყებულ პროექტებს და სიახლეს შესძენს საქმიანობას”,-განაცხადა გიზო სართანიამ წარდგენაზე და მამუკა წოწერიას საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გამგებლის ახალმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ მადლობა გადაუხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გიზო სართანიას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და ნდობისთვის, ედიშერ თოლორაიას კი სწორად დაგეგმილი და განხორციელებული მრავალი პროექტისთვის. ასევე მისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობის მაღალი სასტარტო პირობებისთვის.

“შევეცდები ახალი სუნთქვა შემოვიტანო სამუშაო პროცესში, ჩემი მიზანია მაქსიმალური ურთიერთობა გვქონდეს ხალხთან და ყველა სიტყვა, ყველაზე კრიტიკულიც კი შეულამაზებლად მოვიდეს ჩვენამდე. მე ყველა სოფელში ვაპირებ ჩამოვიდე და უშუალოდ გავეცნო სოფლის პრობლემებს და დავსახოთ შესაბამისი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე შევუწყოთ ხელი ბიზნეს სტრუქტურებს განახორციელონ სოფლად ინვესტიციები და შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ჩემი მხრიდან ვიძლევი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად არ გამოყენების პირობას. მე ვიმედოვნებ, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა”,-განაცხადა ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა წოწერია მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ გუშინ დაინიშნა. გამგებლის მოადგილედ დანიშვნამდე იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

სხვა ახალი ამბები: