მარტვილში, 9 აპრილის გმირის, აზა ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს

0

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი 22 წლის აზა ადამია.

ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს აზა ადამიას საფლავი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს, ასევე გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები.

აზა ადამიას სახელობის №2 საჯარო სკოლის ეზოში, ამავე სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.