მარტვილში გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

0

მარტვილის გამგეობაში გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა. საგანგებო შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. შტაბის სხდომას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საგანგებო შტაბის სხდომაზე მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალზე და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე  სოფელი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.

მარტვილისთვის სტიქიის შედეგად  მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე ითვლის.

“პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ხიდების აღდგენა, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადადილების პრობლემა. ხვალვე დავიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციას, ზარალის დათვლა გაგრძელდება და დეტალურად აღიწერება ყველა ნიუანსი. მე დღეს პირადად ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ სტიქიამ დააზარალა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ამ ადამიანებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ” – განაცხადა სხდომაზე გუბერნატორმა.

ლევან შონიამ გაწეული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს.

სხვა ახალი ამბები: