მერაბ ქვარაია: “23 ივლისი უდიდესი მნიშვნელობის დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში”

0

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია საქართველოს პრემიერმა და “ქართულმა ოცნებამ” ქალაქ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. მერაბ ქვარაია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალაქ ზუგდიდისთვის იბრძოლებს. წარდგენიდან ერთ დღეში, ჯერ კიდევ მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ქვარაია წარსულიდან დღემდე განვლილ გზას იხსენებს.

“ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება, ჩემიც რამდენიმე განსაკუთრებული, დაუვიწყარი თარიღისგან შედგება. ყოველი ასეთი თარიღის უკან ცხოვრების განსაკუთრებული მომენტი და მასთან დაკავშირებული დიდი ემოციაა…

ასეთი იყო სკოლის დამთავრება და დიდი ვნებათაღელვის ფონზე ფრიადზე ჩაბარებული ბოლო საკონტროლო გამოცდა, რომელმაც ათწლიანი, მუხლჩაუხრელი შრომის და სწავლის შედეგად ყველა მოსწავლისთვის სასურველი ჯილდო – მედალი მომიტანა…
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველივე გამოცდით ჩარიცხვა და ჩემი მშობლების გახარებული, გაბრწყინებული, ბედნიერი სახეები…
ასპირანტურა და მისი დამთავრება…

ამავე პერიოდს დაემთხვა ყველაზე მძიმედმოსაგონარი სამოქალაო ძმათამკვლელი დაპირისპირება, ჩაშავებული ზუგდიდი, იარაღიანი ჯგუფები, ძალადობა ქუჩებში, აფხაზეთის, ჩემი დედულეთის დაკარგვა,რომელიც მოუშუშებელ იარად რჩება დღემდე და ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – მეგობრების რჩევით და მხარდაჭერით მეცნიერებიდან პოლიტიკაში გადასვლა….

მერე იყო 1998 წელი, როცა ჩემმა ქალაქმა პირველად ამირჩია და საქართველოში ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა საკრებულოს წევრი გავხდი, შემდეგ 2002 და 2014 წლის საკრებულოები. თითოეულ ამ არჩევნებს საზოგადოების წინაშე თავისი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და შესაბამისი ემოციები ახლდა თან…

პარადოქსული 2003 წელი, არშემდგარი პარლამენტის წევრობა და კარგად დადგმული მშვიდობიანი გადატრიალება საქართველოში…

შემდეგ დაკავება…თითქმის შვიდწლიანი პატიმრობა, რომლის ყველაზე საშინელი კულიმინაცია ჩვენი ოჯახის ნაბოლარას – კუკას დაღუპვა და ტრაგიკულად გასვლა იყო ამ ქვეყნიდან…

პატიმრობიდან განთავისუფლების დღეს დაბადების დღეს ადარებენ პატიმრები, ასეც არის და ასეთად დარჩება ჩემს ცხოვრებაში 2012 წლის 24 თებერვალი, ასევე მისი მეორე დღე – 25 თებერვალი, როცა მე და ქეთიმ რამდენიმე წლით ადრე საპატიმროს შეხვედრების ოთახში მოძღვრის მიერ სასწაულებრივად ჩატარებული წინდობა და დადებული აღთქმა ახლა უკვე ჯვრისწერით განვამტკიცეთ…

2012 წლის არჩევნები…ქართული ოცნების ფერხულში ჩაბმა და სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა… 22 სექტემბერი, აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და სიტყვით გამოსვლა საკუთარი ხალხის წინაშე. წარუშლელი ემოცია ახლდა თან ამ ყველაფერს -1 ოქტომბრის გამარჯვება ყოველთვის იქნება განსაკუთრებული ქართული ოცნების უშიშარი მებრძოლებისა და მისი თანამოაზრეებისთვის.

2016 წელი ჩვენს ოჯახში პატარა ირაკლის დაბადებით დაიწყო, რომელმაც ბიძა გამხადა.
აგვისტოში კი ყველაზე დიდ სიხარულს – იმ ადამიანის გაჩენას ველოდები, რომელმაც მამად უნდა მაქციოს…

არის სხვა მნიშვნელოვანი თარიღებიც, მაგრამ მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წამიყვანს. უბრალოდ , ყველა ამ თარიღმა და მასთან დაკავშირებულმა შემთხვევამ ერთი რამ დამანახა და მასწავლა: ცხოვრება ცვალებადია, ტკივილს სიხარული ცვლის და პირიქით. ადამიანი უშეცდომო არსება არ არის, მაგრამ არასდროს არ უნდა მისცე თავს უფლება, შეცდომებს მიეჩვიო და შეეგუო. სიყვარულით, კეთილსინდისიერებით და შრომით ყველაფერი მიიღწევა, არაფერია უანგაროდ გაღებულ სიკეთესა და თანადგომაზე უფრო ძვირფასი. მე ამ პრინციპებით გადავრჩი, ამ პრინციპებით ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და ვიცხოვრებ მომავალში.

23 ივლისი უდიდესი მნიშვნელობის დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. ნებისმიერი ადამიანისთვის პატივია მიიღო ნდობა და წარმოადგინო საკუთარი ქალაქი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე დღეს ეს შანსი მომეცა.
მადლობა ყველას, ვინც ეს შანსი მომცა.
მადლობა იმ უამრავ ადამიანს, ვისგანაც მხარდაჭერისა და თანადგომის მოლოცვები მივიღე. მადლობა ჩემს ქალაქს და მის საზოგადოებას, თანამოაზრეებს, ჩემს თანამებრძოლებს, რომელთა სიყვარულს და გვერდში დგომას ვგრძნობდი ყოველთვის და ვგრძნობ დღეს.

8 ოქტომბერი მორიგი გამარჯვების დღე იქნება ზუგდიდისთვის!

დარწმუნებული ვარ , ერთობით კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვების ისტორიას დავწერთ ჩვენს ქალაქში!…”-წერს მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში.

სხვა ახალი ამბები: