მერაბ ქვარაია – არავინ არ გეგმავს და არ აპირებს ადგილობრივ დონეზე არჩევითობის ხელყოფას

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo news უცვლელად გთავაზობთ:

“გულწრფელად პატივს ვცემ თითოეული ადამიანის მოსაზრებას და პოზიციას მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა. ნაციონალურ მოძრაობას კი ვურჩევდი, რომ როცა 30 ადამიანზე მეტის მობილიზების თავი არ გაქვს, ასეთ საქმეს ჯობია შეეშვა. მით უფრო, რომ დეზინფორმაციის გავრცელება არ არის მისაღები საქციელი არც ოპონენტების და არც საზოგადოების მხრიდან .

არ ღირს ღია კარების მტვრევა, არავინ არ გეგმავს და არ აპირებს ადგილობრივ დონეზე არჩევითობის ხელყოფას. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების არჩევითობის გადაწყვეტილება და რეალური თვითმმართველობა საქართველოში არა ნაციონალური მოძრაობის, არამედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მერე დაიწყო და ხორციელდება. რეალური დეცენტრალიზაციის პოლიტიკის დეკლარირებაც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო .

რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების ოპტიმიზაციის და გაერთიანების( და არა ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის) იდეას, მართლაც არსებობს ასეთი იდეა შესაბამის სამინისტროში, მაგრამ არსებობს იგი მოსაზრების დონეზე, როგორც ერთერთი სამსჯელო და განსახილველი წინადადება. რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ან კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხზე ამ ეტაპზე არ არსებობს. ნებისმიერ წინადადებას და მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა თითოეული მათგანი უნდა იქნეს ყოველმხრივ შესწავლილი და გაანალიზებული. ის დრო, როცა რაიმე გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღებოდა და ხდებოდა თავს მოხვევა საზოგადოებისთვის, წარსულს ჩაბარდა.

ნებისმიერი წინადადება გაივლის დეტალური განხილვისა, კონსულტაციისა და შეფასების რეჟიმს როგორც საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტული ცოდნის მქონე ადამიანების მხრიდან, მით უფრო ეს პროცედურები თავად თვითმმართველობის კოდექსითაა გათვალისწინებული. ხელისუფლების პოლიტიკა არის და იქნება უცვლელი თვითმმართველობის გაძლიერებისა და რელური დეცენტრალიზაციის გაღრმავების თვალსაზრისით”-ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: