მერაბ ქვარაია – ჩვენ მებრძოლი ერი ვართ და დღეს ვიბრძვით ჩატეხილი ხიდების აღსადგენად

0

“რამდენჯერაც იქნება საჭირო იმდენჯერ უფრო ძლიერად მივაწვდენთ ხმას ხელოვნური გამყოფი ხაზის მიღმა მყოფ აფხაზ ხალხს, რომ ჩვენს შერიგებას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს სისუსტე კი არა, ჩვენი სიძლიერეა. ამიტომაც იწოდება საქართველო უძველესი ქრისტიანობის და რუსთაველის ერად. ჩვენ მებრძოლი ერი ვართ და დღეს ვიბრძვით ჩატეხილი ხიდების, გაცივებული ურთიერთობის, მშვიდობის განსამტკიცებლად და აღსადგენად” – განაცხადა ზუგდიდში გამართულ სააღდგომო ფესტივალზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და სასულიერო გიმნაზიიის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართა მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი, რომელიც შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიისა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება.

ფესტივალს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.