მერაბ ქვარაია – გადაწყვეტილებები იქნება მხოლოდ თვითმმართველობის გასაძლიერებლად მიღებული

0

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმასთან დაკავშირებითგანცხადება გამოაქვეყნა. მისი მოსაზრებით, მოსალოდნელი ცვლილებები ქვეყნის სასიკეთოდ განხორციელდება. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას SMO NEWS უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ შორის ჩემს მაჟორიტარულ ოლქში ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს. პროცესი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ატარებს და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები ნამდვილად არსებითი ხასიათისაა. ეს ცვლილებები და მსჯელობა მათზე კანონით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას გაივლის, საზოგადოებრივი განხილვის პროცესით დაწყებული და საპარლამენტო, როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო განხილვებით დასრულებული. შესაბამისად დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, გადაწყვეტილებები იქნება მხოლოდ თვითმმართველობის და ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად მიღებული და არავითარ შემთხვევაში პირიქით.

2014 წელს მე ვიყავი თვითმმართველობის გაძლიერების, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების, რეფორმების გატარების და მათ შორის ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების ერთერთი აქტიური მხარდამჭერი, ამიტომაც ჩემთვის გასაგებია კითხვები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მხარს უჭერდა და უჭერენ არსებული მოცემულობის შენარჩუნებას. მაგრამ, სრულიად გაუგებარი იმ ადამიანების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ მიმდინარე პროცესები ტრაგედიად და ლამის აპოკალიფსად შეაფასონ. რაიმე მსგავსი არ ხდება და არც მოხდება. ტერმინები “ქალაქის სტატუსის გაუქმება”, “ქალაქ ზუგდიდის გაუქმება” და სხვა, რაც ხშირად ისმის ამ დღეებში ამ ადამიანების მხრიდან სრული აბსურდია და არანაირი სერიოზულობის მატარებელი არ არის – ზუგდიდი არის, დარჩება და იქნება ქალაქი!

წინასწარი ინფორმაციით შესაბამისი სამინისტროს მხრიდან მზადდება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების გაერთიანების და ერთი ადგილობრივი ხელისუფლების, მერიისა და ერთიანი საკრებულოს ქვეშ მოქცევის საკითხი, არამედ სხვა თანმდევი ცვლილებებიც, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ქალაქის სოლიდური და მართვის ეფექტურობისთვის აუცილებელი წარმომადგენლობითი შემადგენლობა ახალ, ერთიან საკრებულოში. განიხილება საკრებულოს როლის და ფუნქციის ზრდა და ხელისუფლების ბალანსის მართლზომიერი განაწილება აღმასრულებელ და წარმომადგენლობით სტრუქტურებს შორის, რაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი აკეთებდა აქცენტს დიდი ხნის განმავლობაში. მიმდინარეობს მსჯელობა მთავრობის ცნების შემოღებასთან და ზოგადად ადგილობრივი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კოლეგიური და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ადგილობრივ ხელისუფლებაში. საუბარია ტრანსფერის ფორმულის ცვლილებაზე, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტის მოცულობის შენარჩუნებას. მზადდება სხვა არსებითი ხასიათის ცვლილებებიც, რასთან დაკავშირებითაც როგორც კი მოგვეწოდება ოფიციალური დოკუმენტი, შედგება შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და უკვე სხვა ფორმატში შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხებზე.

ყველაფრის გათვალისწინებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ როგორი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილებაც არ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ამ თუ სხვა ეტაპზე, ამას არანაირი კავშირი არა აქვს და არ ექნება იმ ძირითად პრინციპებთან, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და რომელიც იყო და არის მთავარი და ფასეული დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით: ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების არჩევითობა, ანგარიშვალდებულობა ამომრჩეველთა წინაშე, გამჭვირვალეობა, სექტორალური თანამშრომლობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცეში და ამ პრინციპების ისტიტუციონალიზაცია – აი ეს იყო და არის ის ძირითადი ელემენტები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების უფლება, ჰქონდეთ თვითმმართველობა, უნდა განხორციელდეს და რომელთა სადარაჯოზეც უნდა ვიდგეთ თითოეული ჩვენგანი.

ამდენად გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, მათ შორის ჩვენი ქალაქის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მომეტებული შიშით და ერთგვარი აგრესიით უდგებიან მიმდინარე პროცესებს , არანაირი საფრთხე ქალაქ ზუგდიდს, ზოგადად თვითმმართველობას და მის განვითარებას არ ემუქრება. ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი და ცვლილება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქალაქის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით გადადგმული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: