მერაბ ქვარაია – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ფაროსანა დამარცხდეს

0

“ფაქტობრივად, ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით ფაროსანასთან, რომელიც ანადგურებს ჩვენს მოსავალსა და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროს”-განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქავარაიამ ანაკლიაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ქვარაიას განცხადებით, თხილი რეგიონის სტრატეგიული პროდუქტია, რომელიც შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

“თხილი ჩვენი რეგიონისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის სტრატეგიული პროდუქტია. ის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ფერმერებისათვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ასევე თხილის ექსპორტი ჩვენი ეკონომიკის, აგრო მიმართულების მნიშვნელოვანი შემადგენელია.

შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში, სადისკუსიო პანალებზე განხილული საკითხები და გამოცდილების გაზიარება თხილის წარმოების, მოვლის, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდოლოგიების შესახებ, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნის გავრცელებასა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

ფაქტია, რომ დღეს თხილის მწარმოებლები, ფერმერები, სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი, მძიმე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ვგულისხმობ, აზიურ ფაროსანას და ამ მავნებლის გავრცელებით გამოწვეულ შედეგებს.

ფაქტობრივად, ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით ფაროსანასთან, რომელიც ანადგურებს ჩვენს მოსავალსა და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროს. მინდა გადმოგცეთ საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მომავალ წელს თავიდან ავირიდოთ მავნებლის მიერ გამოწვეული შესაძლო ზიანი და ფაროსანას გავრცელება სხვა რეგიონებში“ – კონფერენციის მიმდინარეობისას, განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ.

ცნობისათვის, დღეს ანაკლიაში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) II კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანია ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიღწევებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ასევე სამომავლო გეგმებს, რომლებიც უკავშირდება თხილის დარგში არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები, თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხვა ახალი ამბები: