მერაბ ქვარაია – მოსალოდნელი ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობების განვითარებას

0

დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წევრების უმრავლესობამ მთავრობის წინადადება 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მოიწონა. ამავე კომიტეტის წევრისა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, მან აღნიშნული საკითხის მოწონების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

„სამინისტროს ინიციატივას მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების ნაწილში მხარს ვერ დავუჭერდი სუბიექტური და ობიექტური გარემოებებისს გამო. თავის დროზე თავად ვიყავი ინიციატორი, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი გამხდარიყო. მიმაჩნია რომ მიუხედავად ხარვეზებისა, არსებული სისტემის სრულყოფა და განვითარება შესაძლებელი იყო. თუმცა ვთვლი, რომ არც გაერთიანებაშია ტრაგედია, მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან ერთად გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსებული მექანიზმები – როგორც არჩევითობის, ასევე ანგარიშვალდებულების და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით “, – განუცხადა რადიო “ათინათს” მერაბ ქვარაიამ.

დეპუტატის მტკიცებით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრი ორად იყო გაყოფილი, თუმცა მისივე თქმით, უმრავლესობის დიდი ნაწილი თვლის, რომ თვითმმართველობის განვითარება ერთიანი მუნიციპალიტეტების ფარგლებშია უმჯობესი.

„რაც შეეხება კონკრეტულად მუნიციპალიტეტების გაერთიანების ნაწილში სამინისტროს წინადადებას, მოგახსენეთ ჩემი პოზიცია. სხვა მხრივ ის ცვლილებები, რომლებიც შემოგვთავაზა სამინისტრომ და მთავრობამ, მართლაც არის საინტერესო და შთამბეჭდავი. გამოწვევები და საჭიროებები სწორად არის დანახული. მოსალოდნელი ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობების განვითარებას. მე ვიქნები აქტიურად ჩართული ამ რეფორმაში, ბუნებრივია, ვიღებ უმრავლესობასთან ერთად პასუხიმგებლობას და ვთვლი, რომ სწორი და პოზიტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – აღნიშნა ქვარაიამ.

წყარო: რადიო “ათინათი”

სხვა ახალი ამბები: