მერაბ ქვარაია- ნუ შევეხებით კვართს და როგორც პატრიარქმა გვაკურთხა, მივესალმოთ

0

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მეუფისა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარის, მეუფე ვახტანგის შეხვედრა ზუგდიდის საეკლესიო პირებთან და მრევლთან წუხელ გვიან ღამით დასრულდა. მეუფე ვახტანგმა ღვთისმშობლის შესამოსელის ხობში მოსალოცად გადაბრძანებასთან დაკავშირებით ზუგდიდელების აზრი მოისმინა. მთელი ღამის განმავლობაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, რომელმაც მოგვიანებით განცხადებაც გააკეთა ამ მეტად მნიშვნელოვან და როგორც თავად აღნიშნა „ფაქიზ“ თემაზე.

„ძალიან ფაქიზი თემაა და პირველ რიგში უნდა ვთხოვოთ ყველას, სანამ რაიმე შეფასებას გავაკეთებთ ამ საკითხზე, სიღრმისეულად გავეცნოთ პრობლემის არსს. ხობელებსა და ზუგდიდელებს შორის დიდი მეგობრობა და ქრისტესმიერი სიყვარულია და ასე იქნება მომავალშიც, რაიმემ, მით უფრო ამ უდიდესმა სიწმინდემ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაამყაროს და არა პირიქით. სამწუხაროდ პრეტენზიები ღვთისმშობლის სამოსელზე და საუბრები (შესაძლოა ხელოვნურად შემოგდებულიც კი ცალკეული პირების მიერ(!))

მისი ადგილმდებარეობის შესაძლო ცვლილებაზე, დღეს ზუგდიდის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მორწმუნე მრევლის უკიდურეს გაღიზიანებას და შეიძლება ითქვას მრისხანებას იწვებს. სიწმინდემ, თუ დაზიანების ან რაიმე სხვა საფრთხე არ არსებობს, რა თქმა უნდა დროებით შეიძლება დატოვოს სამყოფელი, მაგრამ სამოსელთან დაკავშირებით პერიოდულად აგორებული პრეტენზიული კამპანიის და მის საწინააღმდეგოდ არსებული აგრესიული მუხტის ფონზე, დღეს ამის განხილვა არ იქნება მართებული.

ზუგდიდელთა”შიშები” (სამწუხაროდ არა უსაფუძვლო) არსებობს და მის გაქარწყლებას სიმშვიდე, სწორი მიდგომა, ნდობის აღდგენა და რაც ყველაზე მთავარია – დრო სჭირდება. სვეტიცხოველში დავანებული მაცხოვრის კვართი აღმოსავლეთ საქართველოში და დედა ღვთისმშობლის სამოსელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთთან უკიდურეს სიახლოვეს, ჩვენი ქვეყნის ერთობის და მთლიანობის ერთგვარ სიმბოლოდ და მორწმუნე საზოგადოების ნუგეშად იქცა და ნუ შევეხებით მას , პირიქით , როგორც პატრიარქმა გვაკურთხა, მივესალმოთ ამ მოცემულობას და 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე გავახაროთ სტუმრობით ზუგდიდი და დედა ღვთისმშობელი, სამოსელთან მიახლების შესაძლებლობა ამ დღეს ყველა ჩვენგანს ეძლევა.” – ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: