მერაბ ქვარაია – საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება

0

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

“არჩილ ტატუნაშვილი და გიგა ოთხოზორია არიან ის ადამიანები, რომლებიც ტრაგიკული აღსასრულით სამშობლოსთვის თავდადებულ ქართველთა რიგებს შეუერთდნენ. მნიშვნელოვანი დოკუმენტი – რეზულუცია, რომელიც დღეს მივიღეთ საქართველოს პარლამენტში არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება”,-განაცხადა პარლამენტის წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.