მესტია-უშგულის მონაკვეთზე გზის საფარი 10 კილომეტრზე დაიგება

0

მესტიის მუნიციპალიტეტში,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე.

გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების განხორციელება: ტრასის აღდგენა და დამაგრება,  ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება, 2 არსებული ხიდის შეკეთება, გაბიონის კედლების მოწყობა, არსებული რკინა-ბეტონის კედლების შეკეთება, სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით, ეზოში შესასვლელების მოწყობა, ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო შემოფარგვლის მოწყობა.

მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,4 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

პროექტს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

სხვა ახალი ამბები: