მიხეილ სააკაშვილი – სანდრას ამ გადაწყვეტილებას მე პატივს ვცემ

0

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საანდრა რულოვსის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სააკაშვილი მეუღლის მიერ არჩევნების მეორე ტურზე მონაწილეობის უარის თქმას დადებითად აფასებს.

“მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას.

მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას. საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში.

დრო აჩვენებს ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს”-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, როცა მან მარცხი განმეორებით კენჭისყრაზეც განიცადა. სანდრა რულოვსი განმუხურისა და ჯიხაშკარის უბნებზე ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დაამარცხა, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად ზუგდიდში მმართველმა გინდმა წარადგინა.

სხვა ახალი ამბები: