მჯერა, რომ ხალხი არ შეცდება! – ბლიც ინტერვიუ ედიშერ თოლორაიასთან

0

-თქვენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა თქვენზე არჩევანი მმართველმა პარტიამ? 

-დიახ, მე ნამდვილად ვარ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში. ის, თუ რატომ შეაჩერა მმართველმა გუნდმა არჩევანი ჩემზე, ამაზე პასუხს ალბათ თავად მმართველ გუნდში მიიღებთ. მე არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი და თავისთავად ვერ დავიწყებ ქება-დიდებას. ალბათ ნახეს ჩემში ბევრი დადებითი რამ, რომლის შემდეგაც არჩევანი სწორედ ჩემზე გააკეთეს.

-რა გაკავშირებთ ზუგდიდთან და რამდენად იცნობთ მის პრობლემებს?

-ზუგდიდთან აბსოლიტურად ყველაფერი მაკავშირებს. ჩემი ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, ახალგაზრდობა. მე ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ორ სიტყვაში ჩავატიიე ჩემი დამოკიდებულება ზუგდიდისადმი და აქაც იგივეს გავიმეორებ. ზუგდიდი ჩემია! ზუგდიდი ჩემია იმდენად, რამდენადაც ამ ქალაქთან მაკავშირებს ყველაფერი.

რაც შეეხება პრობლემებს. მე ზედმიწევნით ვიცნობ ზუგდიდის პრობლემებს. ოთხი წელი ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგებელი. რაც მოსაგვარებელი იყო, რა თქმა უნდა მოგვარდა, კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი, რომელსაც მომავალ წლებში მივხედავთ.

-როგორ ფიქრობთ, მოსახლეობა კმაყოფილია თქვენი მუშაობით როცა თქვენ იყავით ზუგდიდის გამგებელი?

-ამ კითხვაზეც ძნელია მე გაგცეთ პასუხი. მსგავსი კითხვა ალბათ ადრესატებს უნდა დაუსვათ, მაგრამ მე მაინც ერთს გეტყვით. მე, როგორც გამგებელმა, როგორც რიგითმა ზუგდიდელმა ყველაფერი გავაკეთე ჩემი ქალაქის და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. საზოგადოება ჭრელია, ზოგი ხედავს, ზოგიც ხედავს მაგრამ ვერ ან არ იმჩნევს, რადგან მათ ასე სჭირდებათ. მთავარია, რომ მე არაფერი დავიშურე ჩემი ხალხისთვის. ვინ როგორ მიფასებს ან დამიფასებს მომავალში, ეს უკვე მათი საქმეა და მათ სინდისზეა.

-როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა თქვენ და „ქართულ ოცნებას“?

-მაინც და მაინც ჩვენ რატომ? ჩვენ, „ქართული ოცნება“ ტყუილ დაპირებებს არ გავცემთ. ჩვენ ვიძახით იმას, რისი გაკეთებაც რეალურად შესაძლებელია. გასული ოთხი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა, კონკრეტულად ზუგდიდში, სამეგრელოში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ დანახვა სჭირდება. თუ არ გინდა დაინახო, ვერც ვერასოდეს აღიარებ იმას, რომ მართლა ბევრი რამ გაკეთდა.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიდეს ყველა საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს. მე არცერთი წუთით ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი უკეთესი მომავლისთვის.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას შეეცდებით პირველ რიგში, როცა დეპუტატი გახდებით?

-მე თავიდან არც არაფერს დავიწყებ. მე გავაგრძელებ ისევ იმ საქმეების კეთებას, რასაც გასული ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდი ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ. გამარჯვების შემთხვევაში, არ ვაპირებ პარლამენტის კაბინეტში გამოკეტვას. პირიქით, უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, ვიქნები ისევ ჩემს ხალხთან ერთად და მათ ყველა გასაჭირს, პრობლემებს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გავიტან.ზუგდიდი იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების მიზანი.

-რითია გამორჩეული თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა?

-თუ რით არის გამორჩეული, ეს დასკვნა თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. გამორჩეულია ყველაფრით. აბსოლიტურად მორგებულია ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე.

-რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი მიგაჩნიათ თქვენს ძირითად კონკურენტად და რატომ?

-ძირითადი კონკურენტი მე არ მყავს. ყველა ერთმანთის კონკურენტები ვართ. კონკურენცია არჩევნებზე უნდა იყოს. სხვა ამბავია თუ ვინ შეძლებს ამ კონკურენციის ფონზე გამარჯვებას. მე ზემოთაც გითხარით, რომ ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში და ამას ყველა ერთად ვნახავთ 9 ოქტომბერს დადებულ შედეგებში.

-არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. რას ეტყვით თქვენს ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ?

-ვეტყვი მხოლოდ ერთს. უკლებლივ ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. სანამ არჩევანს გააკეთებდნენ კარგად დაფიქრდნენ, ვის აძლევენ ხმას და ვის ანდობენ ქვეყანას მომავალი 4 წლის მანძილზე. მე მჯერა, მართლა მჯერა, რომ ხალხი არ შეცდება!

 

სხვა ახალი ამბები: