მკვლელობა ხობში – სოფელ პირველ მაისში სამი მამაკაცი ჩაცხრილეს

0

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების სახლში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამ მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ხობში მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით,  სამი გარდაცვლილიდან ორი ერთმანეთის მეზობელია, ერთი კი სხვა სოფელში მცხოვრობი ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში მუშაობდა. ამავე ინფორმაციით, ურთიერშელაპარაკებისა და გასროლის ხმა მკვლელობამდე არავის გაუგია.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი – 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, -აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე ცნობილი ხდება ისიც, რომ სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთ-ერთი პოლიციელია. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. გამოძიება სს კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაშიო განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.