მობილურ ტელეფონებზე მისული შეტყობინებები, რომლებსაც უპრეცენდენტო გამოხმაურება მოჰყვა

0

იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც ყოფილან სისხლის უანგარო დონორები,  გასულ კვირაში,  მობილურ ტელეფონებზე  მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიუვიდათ ტექსტით:  “შენმა ჩაბარებულმა სისხლმა სიცოცხლე გადაარჩინა”.

ალბათ, ცოტას თუ მიუღია მსგავსი შეტყობინება. შედეგმაც რათქმაუნდა არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში დონორების ამაყი გზავნილები გაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი დონორი – ანა ჯაშია, რომელიც უანგარო დონორი არაერთხელ ყოფილა.

ახალგაზრდა გოგონა ამბობს, რომ სისხლის ჩაბარებისას მისი მთავარი მოტივაცია, გასაჭირში მყოფი  რიგითი მოქალაქეების გადარჩენაა.

„დონაციის დროს ალბათ მთავარი მოტივი ის განცდაა, რასაც სისხლის ჩაბარების შემდეგ განვიცდი. ბევრჯერ მიფიქრია  ქუჩაში მოსიარულე ადამიანებზე, შეიძლება რომელიმე მათგანი ისაა, ვისაც დავეხმარეთქო და ძალიან დიდი სიამაყის გრძნობით ვივსები. ხშირად მეკითხებიან რატომ ვაკეთებ ამას და პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს ხოლმე: სხვანაირად არ შემიძლია“,- ამბობს ანა ჯაში, რომელიც პატარა  ასაკის მიუხედავად, რეგულარულ დონორთა სიაში ერთ-ერთი მოწინავეა.

ანა ჯაში ასევე აცხადებს, რომ მან რეგულარული დონორობისკენ ახლობლის ავადმყოფობისას გადატანილმა შოკმა უბიძგა, ვინაიდან,  კრიტიკული სიტუაციის დროს, მოკლე დროში  საჭირო  სისხლის ჯგუფის მქონე დონორის პოვნა საკმაოდ გართულდა.

„ყველაზე მეტად ჩემზე გავლენა იქონია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის ცუდად ყოფნამ და იმ შოკმა, რასაც სისხლის არქონა ერქვა იმ მომენტში. მანამდე არასდროს მიფიქრია, იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დონორობა. ადამიანები ზოგადად ხომ ასე ვართ –  რაღაცას სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით, მანმ ვერ ვხვდებით დარტყმის სიძლიერეს. ყველა დონაცია თავისებურად დასამახსოვრებელია. ვერ აგიხსნით რა განცდაა, როდესაც იმ ოთახში შედიხარ, სადაც თავისი ახლობლის დასახმარებლად უამრავი ადამიანია მოგროვილი და შენ ერთი, უცხო  მიდიხარ მათთან და აკეთებ შენთვის ელემენტარულს, მათთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს. ამ მომენტში გრძნობ, რომ ცხოვრება შედგა და შენ იმას აკეთებ რასაც ყველა უნდა აკეთებდეს. ყველაზე დასამახსოვრებელი დონაცია, ალბათ პირველია, რადგან პირველად ვიგრძენი მართლა საჭირო ადამიანად თავი. პირველად დავეხმარე ადამიანს და მაშინ ეს ადამიანი, 6 თვის ჩვილი იყო. იმის მერე, ძალიან ბევრი წელი გავიდა და სავარაუდოდ, ის გოგონა უკვე სკოლაშიც დადის და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.  ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ ოდესმე მისი წარმატების შესახებ გავიგებ“,- განაცხადა ანა ჯაშმა.

სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე არაერთი წელია სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. ღონისძიებების მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ინფორმირებული: რამდენად მნიშვნელოვანია უანგაროდ გაცემული სისხლი,  რამდენად უსაფრთხოა დონორობა და რა რისკებთან არის დაკავშირებული სისხლის ბანკებში დეფიციტები. აღნიშნული კამპანიის შედეგად, ქართულ საზოგადოებაში წლიდან წლამდე იზრდება უანგარო დონორობის კულტურა, თუმცა საბოლოო მიზანი: 100%-ით უანგარო დონაციაზე გადასვლა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის გაუქმება, ჯერ ბოლომდე მიღწეული არ არის.

სისხლის უანგაროდ გაღება 18-დან 65 წლამდე ჯანმრთელ ადამიანს ყოველ 2 თვეში ერთხელ შეუძლია და ის სრულიად უსაფრთხოა. სისხლის ბანკებში კი სისხლის ჩასაბარებლად აუცილებელი ყველა აღჭურვილობა ერთჯერადი გამოყენების არის, რაც რაიმე ტიპის გართულებას მინიმუმამდე ამცირებს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პირველი და მეორე ჯგუფის სისხლია. დონორობა არ შეუძლია ადამიანს, რომელსაც სისხლით გადამდები დაავადებები აქვს, ესენია: ჰეპატიტები, შიდსი, ათაშანგი. იმისათვის, რომ გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ნებისმიერმა პოტენციურმა დონორმა სისხლის ჩაბარებამდე 40 კითხვიანი სპეციალური კითხვარი უნდა შეავსოს, რის შედეგადაც ექიმი დაახლოებით ანამნეზს აკეთებს. ამის შემდეგ უკვე დგინდება სისხლის ჯგუფი, ფასდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობა და თუკი სისხლში არც ერთი ინფექცია არ აღმოჩნდება, მოხალისის მიერ გაღებული სისხლი გამოსაყენებლად ნებადართულია.

სხვა ახალი ამბები: