მოშიმშილე დევნილი თავის დაწვით იმუქრება – ზუგდიდის მაჟორიტარი მოშიმშილეთა პრობლემით დაინტერესდა

0

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილი ტარიელ ქობალია, რომელიც მეცამეტე დღეა შიმშილობს, სამინისტროს წინ თავის დაწვით იმუქრება. მისი თქმით, დევნილთა სამინისტროს მხრიდან უყურადღებობის გამო, ის იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.

“ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ზოგს ტუჩი დაუჩირქდა, ვერ უძლებს ხალხი უკვე ამდენს. მეტი არ შემიძლია, კიდევ ორი დღე, რაც შემიძლია, იმდენს მოვითმენ ბოლომდე. მე თუ სახელმწიფოს პირადად არაფრად არ ვუღივარ, ზეგ ანუ ორ დღეში ავდგები და სამინისტროს წინ თავს დავიწვავ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას,”- ამბობს ქობალია.

მისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ორმა დევნილმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებთან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა.

“აბსოლუტურად გასაგებია ამ ადამიანების გულის ტკივილი, მათი მდგომარეობა არის მძიმე, საცხოვრებელი პირობები საკმაოდ რთულია. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ, სავარაუდოდ, ეს იქნება ხელახლა გადამოწმების მექანიზმი. იგივე არის სამინისტროს პოზიციაც. გაკეთდება ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშანები და უსამართლობის განცდა”,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 ადამიანი, ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს.

სხვა ახალი ამბები: